დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ვერ მართავს და ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. ესენი არაფერს აკეთებენ, უცებ გამოვიდნენ და ისევ სარჩელი დაწერეს. ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაწერეს და ახლა დაწერეს, ამის შემდეგ კიდევ ექვსი თვე გავა, კიდევ ახალ სარჩელს დაწერენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა “ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის ვადა გაახანგრძლივოს, თუ ეს ერთგვარი დაშინების ტაქტიკაა, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ სახელისუფლებო გუნდის ქმედებებში ლოგიკა არ ჩანს და შეუძლებელია იმის გამოცნობა, ამჯერად რა ჩაიფიქრა.

“ძალიან რთულია, გამოვიცნოთ, თუ რა უნდა “ქართულ ოცნებას” იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ლოგიკური წყობა არ იკითხება ხოლმე. პარტიის აკრძალვა გინდოდეს და ვერ კრძალავდე, 14 წელი ამას იძახდე და კიდევ ახალ-ახალ არგუმენტებს იგონებდე, არასერიოზულია ეს ყველაფერი და შეიძლება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი იყოს ის, რომ მან თავისი უუნარობა, პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში, უნდა, რომ გადააბრალოს რაღაც “დიპ სტეიტის” მიერ კონტროლირებად ძალას, რომელსაც 14 წლის განმავლობაში ემუქრებიან გაგაუქმებთო და ვერ გააუქმეს.

დილით იძახიან, პარტიების გაუქმებას აზრი არ აქვსო, რომც გავაუქმოთ, მაინც შეიქმნებაო [შათირიშვილი იძახის და შათირიშვილი თავისით რომ არ წერს იმ მონოლოგებს, ეს გასაგებია, შეთანხმებული პოლიტიკური ხაზები აქვთ] და შუადღით შემოდის განცხადება გაუქმებაზე. საბოლოო ჯამში, ურთიერთწინააღმდეგობრივია და ამიტომ ვამბობ, აქ ლოგიკის დაჭერა და გაგება, თუ რა უნდა, ძალიან რთულია. ფაქტია, რომ ქვეყანას ვერ მართავენ და ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. ესენი არაფერს არ აკეთებენ, უცებ გამოვიდნენ და ისევ სარჩელი დაწერეს. ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაწერეს და ახლა დაწერეს, ამის შემდეგ კიდევ ექვსი თვე გავა, კიდევ ახალ სარჩელს დაწერენ. არასერიოზულია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ქვეყანა გექცევა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც მან აღნიშნა, რომ ძალიან წუხს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი დისკუსიაა. ცქიტიშვილის თქმით, თუ ცოტნე ივანიშვილი გულწრფელია, მაშინ დებატებში დაუჯდეს ახალგაზრდებს და არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ესაუბროს.

 ყოველთვის ცდილობს თავისი შვილების გამოყენებას. არ ვიცი, ეს რა მორალია, მაგრამ ყველა ეტაპზე მას ჰქონდა შვილების ტრიუკებად გამოყენების მექანიზმები. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

მართლა არ ვიცი, რა განზრახვა აქვს, შეიძლება გულწრფელი განზრახვა ჰქონდეს, მაგრამ თუ ასეთი გულწრფელი განზრახვა აქვს, მაშინ ხომ მოიგონეს დებატები, მოიწვიონ დებატებზე, სადაც ახალგაზრდები მოდიან, დაჯდეს იმ დებატებზე და ელაპარაკოს მათ. [თუ გულწრფელია] შეწყდეს აკაცუკების, ნაცი-ქოცის ძახილი, ეს რიტორიკა ხომ მათ მოიტანეს? ამათმა დანერგეს ეს აგრესიული რიტორიკა და სისტემის დონეზე აიყვანეს, შეჩერება თუ უნდათ, ადრესატი უნდა შეატრიალონ. დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს მათ, რის გამო სხედან ციხეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.