თამო კეშელავა: და ახლაც ერთი სული მაქვს, ისე “გავიზარდოთ”, რომ საბოლოოდ ჩამოვიშოროთ მტერი, რომელიც მხოლოდ ომში არ გვხოცავდა, მაშინაც გვაწიოკებდა და გვკვლავდა, როცა მშვიდობის სახელით მოდიოდა

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
8 წლის ვიყავი 1989 წლის 9 აპრილს. ამბავი ექოდ გავარდა და მაინც ჩურჩულამდე დაიშალა.
კაცები თავჩახრილები ისხდნენ, ქალები თავწაკრულები.
მერე მოიტანეს 9 აპრილის ფირი – არც ერთი კადრი მახსოვს ტანკის გარდა, მხოლოდ ტანკი მახსოვს – იქნებ, თვალი დავხუჭე ტანკის დანახვისას და აღარ გამიხელია, იქნებ, ვუყურე და გონებამ სადღაც კუნჭულში გადამალა, არ ვიცი, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ არც მინახავს ის ფირი და მესიზმრა ტანკი…
რამდენჯერმე უყურა სოფელმა იმ ფირს სოფლის კლუბში, მერე წაიღეს, სხვა სოფელში, დანარჩენი ადამიანებისათვის.
და დადგა სიჩუმე…
რას ვგრძნობდი? – შურისძიების სურვილს და უსუსურობას – ყველა და ყველას სიჩუმეში ამას ვგრძნობდი. და ერთი სული მქონდა, გავზრდილიყავი…
მერე დაიწერა სიმღერები და ლექსები – ვერ გაგვტეხესო – არა, იმ დღეს ჩვენ გაგვტეხეს, მეორე დღეს ქუდზე კაცი არ გავედით და იმიტომ, ცხრა ძმიდან ცხრავე არ გავედით და იმიტომ.
გავიზარდე და ახლაც, ამდენი წლის მერეც, ყოველ 9 აპრილს, თავჩახრილი კაცები და თავწაკრული ქალები მახსენდება, ჩამკვდარი სოფელი და ტანკი – და ის განცდა, – შურისძიების და უსუსურობის…
და ახლაც ერთი სული მაქვს, ისე “გავიზარდოთ”, რომ საბოლოოდ ჩამოვიშოროთ მტერი, რომელიც მხოლოდ ომში არ გვხოცავდა, მაშინაც გვაწიოკებდა და გვკვლავდა, როცა მშვიდობის სახელით მოდიოდა, მტერის, რომელმაც ერთმორწმუნის სახელით, ყველაზე მეტი ეკლესია დაგვინგრია და ისევ ისე მინდა შურისძიება, და ჩვენი შურისძიება იქნება, ვიყოთ ძლიერები, დამოუკიდებლები, თავისუფლები!
ისე მინდა ამ გზის ბოლომდე გავლა, ისე მინდა ამ გზის ფინიშის ნახვა და იმის განცდა, რომ აწი ყველაფერი გვექნება კარგად, აწი დადგება განათლების, კეთების, შექმნის, ბედნიერების დრო.
ერთად ვიყოთ, მთავარია და მჯერა, გავიმარჯვებთ!
რა უფლება მაქვს დღეს და ახლა არ მჯეროდეს, მათ, მაშინ როცა ამაზე ფიქრიც კი უცნაური იყო და თითქმის არავინ გვყავდა, ვისი იმედიც გვექნებოდა,, ჯერ კიდევ 1989 წელს სჯეროდათ ამის, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა – სწამდათ!

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად