მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას

უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი იქნება – თუ ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მოვინანიოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, „თუ რა არის ჩვენი ხალხის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ იმისთვის, რომ მოგვეცეს წყალობა ღვთისა და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას“.

მეუფე შიოს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება.

„9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, რომ ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. თუ ეს თვისება არ გვექნება ჩვენ, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული თავისუფლება არ არის საკმარისი. უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი იქნება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო ის, რაც გინდა, არამედ ეს არის შეგეძლოს, მართო შენი თავი, რომ აკეთო ის, რაც მართებული და საჭიროა. თუ არ იქნება ჩვენში ამის გაგება, მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება, საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე, სახიფათო შეიძლება გახდეს და დამანგრეველი ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ასე რომ, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ. შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები, ღმერთმა აცხონოს მათი სულები. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ!” – განაცხადა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ