ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის – საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან, კონსტრუქციულ თანაცხოვრებას და ახალ ინიციატივებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
როგორც კობახიძემ საუბრისას აღნიშნა, საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ „დაამტკიცა, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორები“.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ილჰამ ალიევს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ის გახლავთ საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მისი საქართველოში ჩამობრძანება არის განსაკუთრებული პატივი თითოეული ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ საქართველოში და განვიხილოთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესები. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენი სამძიმრისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პირადად თქვენი და აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან გამოხატული თანაგრძნობისთვის. ჩვენ ამ მხარდაჭერას განსაკუთრებულად ვაფასებთ.
ასევე, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ პირად ძალისხმევას და თქვენს პირად ჩართულობას. მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციების წევრებს, ჩვენს მინისტრებს, მთავრობების წარმომადგენლებს, ჩვენს ელჩებს, რომლებსაც განსაკუთრებული როლი შეაქვთ ამ ურთიერთობების განვითარებაში.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოში, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს.
ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანაცხოვრებას. ასევე, ახალ ინიციატივებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.
ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალა პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას.
ჩვენი ქვეყნები როგორც აზიის წევრობის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურულ განვითარებას და მოდერნიზაციას. ჩვენ, საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში.
ჩვენ ასევე, შეხვედრის დროს განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება მათ შორის, თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.
ჩვენ გამოვხატეთ მზაობა მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ფურო მეტად განვითარდება, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. ამაში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც პირადად თქვენ შეგაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში და განვითარებაში“, – განაცხადა კობახიძემ.




