ლევან ყურაშვილი: მინისტრები კი არა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბრალდებულია 5 მილიონის სახელმწიფო ქონების ქურდობაზე. წარმოიდგინეთ, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომ ამდენს იპარავს …

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ლევან ყურაშვილი:
ამ ქვეყანაში, მთავრობის მაღალჩინოსნები ქრთამებს რომ იღებდნენ, ეგ ყველამ ვიცოდით და მინისტრების მექრთამეობა არავის გაჰკვირვებია.
აი, რაც არ ვიცოდით ისაა, რომ ქრთამის აღებ-მიცემობა მიდის თურმე აბსოლუტურად ყველა დონეზე.
ფულს იპარავენ არმიის საჭიროებებზე.
ფულს იპარავენ ინფრასტრუქტურაზე.
ფულს იპარავენ ყველაზე გაჭირვებულების უფასო სასადილოებიდან.
მინისტრები კი არა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბრალდებულია 5 მილიონის სახელმწიფო ქონების ქურდობაზე. წარმოიდგინეთ, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომ ამდენს იპარავს, უფრო ზემოთ რა ხდება!
ქრთამს იღებენ პოლიციელები.
ქრთამს იღებენ მართვის მოწმობის გამომცდელები.
ქრთამს იღებენ სასაფლაოებზე.
ტენდერებიდან ფულს იპარავენ მერიის კონტრაქტორები.
ქრთამს იღებენ ათასგვარ ნებართვებზე და ლიცენზიებზე.
ქრთამს იღებს სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი.
ფული კეთდება აბსოლუტურად ყველაფერზე და ყველაფერში.
და ეს არაა რაღაცა ასტრონომიული თანხები. 500-3000 ლარიან ქრთამებზე დაიჭირეს ადამიანები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
ეს ვინმეს მოყოლილი კი არაა, ბოლო თვეების კრიმინალური ქრონიკა ჩამოვთვალე.
ეს, რაც ვნახეთ და რაც ვერ ვნახეთ/არ გვანახეს, კიდევ ვინ მოთვლის.
ეს ნიშნავს იმას, რომ ქრთამი ჩამოსულია საყოფაცხოვრებო დონეზე.
და სხვანაირად შეუძლებელია ყოფილიყო.
როცა პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, სუსის უფროსი და ა.შ. ქრთამს იღებს სისტემატურად, იქ შეუძლებელია ეს პრაქტიკა ქვედა დონეზე არ გავრცელდეს.
ეს სისტემა არის ძირგამომპალი.
სანამ ოფიციალური მილიონერები სხედან მთავრობაში და პარლამენტში, შეუძლებელია ეს ქრთამობია დასრულდეს.
მილიარდობით ლარზეა საუბარი, ამ წლების განმავლობაში.
მილიარდობით!
და ამ დროს, მარტო წელს, 23 000 ბავშვი დაემატა სოციალური დახმარების მომლოდინეთა სიას. თვეში 150 ლარი მაინც რომ ჰქონდეთ.
თქვენი, ჩემი, ყველასი და რაც მთავარია, ყველაზე გაჭირვებულების ფულს ჭამს ეს ხალხი.
ბავშვების და ყველაზე გაჭირვებულების უფასო სასადილოდან მოპარული ფულებით დადიან ნახევარ მილიონიანი მანქანებით.
არაა ეს რთული გასაგები და გადასახარში, თუ დანახვა გინდა ადამიანს და თუ სიჩუმის სანაცვლოდ, თვის ბოლოს, სამადლოდ გადმოგდებულ 600 ლარს არ ელოდები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება