„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე:
დღე საინტერესოდ დაიწყო:
მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა: მეუფე ისაიას ცხენით სიარული და რუსეთზე გაკეთებული განცხადებები არაფერს ნიშნავს პატრიარქობისთვისო – ეს თქვა სახელის უთქმელად. მისი მეუფება იმდენად უხეში და ქედმაღალი თავთავია, რომ დიდ ღონისძიებებზე წესრიგის ინსპექტორად ნიშნავენ ხოლმე. ამ პატარა ძალაუფლებას ის ბოლომდე აწურინებს სიამოვნებას, რაც მის კოლეგებს, როგორც ზოგიერთი ინციდენტიდან ირკვევა, ყელში ამოსდით.
პარალელურად, მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა, რომ ვისაც უფალი პატრიარქობის ჯვარს დაადებს, ამაზე უარი არ უნდა თქვასო. ეს უკვე ტონის მნიშვნელოვანი შემობრუნებაა მათთვის, ვისაც საპატრიარქო ტახტზე მოსაყდრის ალტერნატივა სურთ.
მეუფე დანიელი სახლიდან, არაპროფესიონალური კამერით წერს ვიდეოებს მარხვის მეოთხე და მეხუთე კვირის სახარების განმარტებებზე და არავინ იცის რას ფიქრობს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ განმარტებულ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც ის, ანუ მეუფე დანიელი საპატრიარქო ასაკს გადასცდა. ან იქნებ, ისიც ისაიაზე ფიქრობს?
მეუფე იაკობი მეტყველებს, როგორც სეკულარიზმის, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ეკლესიაში ჩაურევლობის მახვილი – ვნახოთ, შეინარჩუნებს თუ არა ამ ტონს, როცა წითელი ტელეფონი დარეკავს.
მეუფე იობი არის რომელიღაც მონასტერში მისი სამონაზვნო იმპერიიდან, ტელეფონი არ აქვს და მარხულობს. რაც მე გავიგე, არანაირი მეუფე ეფრემის წამოყენებას ის არ გეგმავს. მაგრამ რას გეგმავს მროველი მიტროპოლიტი? რა შთააგონა მკაცრმა მარხვამ? ჯერ არ ვიცით, მაგრამ უწყის მაღალმა ღმერთმა, ამას ყველა გავიგებთ, ზოგიეთი კი იგრძნობს.
“პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს ან შეაქებს ევროპას და პირიქით” – განაცხადა სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ საკვირაო ქადაგებისას.




