მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქმა ბევრჯერ თქა, რომ მე ბოლო პატრიარქი ვარ, სულ ვფიქრობდით, რას ნიშნავს, როგორ არის ბოლო პატრიარქი. დღეს კი არავის ეპარება ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში ასეთ პატრიარქს არ უნდა ველოდოთ

“პატრიარქმა ბევრჯერ თქა, რომ მე ბოლო პატრიარქი ვარ, სულ ვფიქრობდით, რას ნიშნავს, როგორ არის ბოლო პატრიარქი. დღეს კი არავის ეპარება ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში ასეთ პატრიარქს არ უნდა ველოდოთ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ილია მეორე ერის მამა იყო და ამას მთელი საქართველო და მსოფლიო ხედავს.

წმინდა სინოდის წევრის განცხადებით, “ილია მეორის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს” და ის გარდაცვლილ პატრიარქს “უნდა დაუტოვონ”:

მე ისევ იმ სიტყვებს დავუბრუბრუნდები – “მე ბოლო პატრიარქი ვარო”, რომ თქვა, რა შეიძლებოდა ეგულისხმა – ისევ სახარებიდან უნდა გითხრათ: როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა და ამაღლდა ზეცად, სახარებიდან როგორც ვიცით, შემდეგ როცა მოციქულები იკრიბებოდნენ, ერთ ადგილს სუფრაზე ერთ ადგილს ტოვებდნენ, თეფშს დებდნენ და მაცხოვარი ნამდვილად იქ იყო. შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება რომ იყო, ღვღთისმშობლისთვისაც ტოვებდნენ ერთ თეფშს. 

მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ მას, მათ შორის სინოდის სხდომაზე. უნდა იგულისხმებოდეს, რომ მას პატრიარქი ესწრება. დანარჩენი, ვინ წარმართავს ამას, ვფიქრობ, ჩვენი ძმური სიყვარულით, ერთმანეთს შევთავაზებთ ამას და ჩვენი ძმური სიყვარულით მხარს დავუჭერთ. ასე მგონია, რომ ჩვენ ყველანი ვეცდებით, ასე ვხედავ ამას მე დღეს, რომ ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ეკლესიის ცხოვრებას ისე, რომ პატრიარქი იგულისხმებოდეს. [შემდეგ პატრიარქს] გაუჭირდება თუ ამპარტავნებით მოინდომებს. წარმოუდგენელია. თუ თავმდაბალი იქნება ეს ადამიანი, ვისაც ჩვენ გამოვარჩევთ[…]

ჩვენ მიგვაჩვია პატრიარქმა, ბოლო წლებია ის ფაქტობრივად ყველაფერს გებულობდა, ვეკითხებოდით და მისი ერთი კი და ერთი არა წყვეტდა ყველაფერს. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ეკლესია, ასეთი ერთსულოვანი წმინდა სინოდი. ჩვენ ბებრჯერ ცხარე კამათი გვქონია, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთხმად. ასეთი ერთსულოვანი თუ იქნება წმინდა სინოდი, მაშინ… მე მჯერა, რომ იქნება”- განაცხადა მაღალმა იერარქმა. 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ილია მეორე რაც შეიძლება მალე უნდა შერაცხოს ეკლესიამ წმინდანად.

მისივე განცხადებით, ეს ხალხის მოთხოვნაა.

სინოდის წევრებთან ამაზე [ილია მეორეს] წმინდანად შერაცხვაზე არ მისაუბრია, შეიძლება იყოს მოსაზრება პროცედურულ თემაზე, თუმცა, თუ დავაგვიანებთ დაგვიანებულები აღმოვჩნდებით!”- დასძინა მან.