უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე და ირანული ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა ავრცელებენ.
„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კონფლიქტის ესკალაციის გამო. მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მუქარა, ნაღმების დადება, დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები და სრუტის კომერციული გადაზიდვებისთვის გადაკეტვის სხვა მცდელობები და შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს 2817-ე რეზოლუცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ ნავიგაციის თავისუფლება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია.
„ირანის ქმედებების შედეგებს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველები, იგრძნობენ. გაეროს უშიშროების საბჭოს 2817-ე რეზოლუციის შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო გადაზიდვებში ასეთი ჩარევა და გლობალური ენერგომომარაგების ჯაჭვების დარღვევა საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამ კუთხით, ვითხოვთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე, თავდასხმებზე ყოვლისმომცველი მორატორიუმის დაუყოვნებლივ გამოცხადებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები გამოთქვამენ მზადყოფნას, წვლილი შეიტანონ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფის ძალისხმევაში.
„გამოვთქვამთ მზადყოფნას, წვლილი შევიტანოთ სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ძალისხმევაში. მივესალმებით იმ ქვეყნების ვალდებულებას, რომლებიც მონაწილეობენ მოსამზადებელ დაგეგმვაში. მივესალმებით საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული ნავთობის რეზერვების კოორდინირებული გამოყენების ავტორიზაციას. გადავდგამთ სხვა ნაბიჯებს ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციისთვის, მათ შორის, გარკვეულ მწარმოებელ ქვეყნებთან თანამშრომლობით წარმოების გაზრდის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ იმუშავებენ ყველაზე დაზარალებული ქვეყნების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) მეშვეობით.
„საზღვაო უსაფრთხოება და ნავიგაციის თავისუფლება ყველა ქვეყნისთვის სასარგებლოა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და დაიცვან საერთაშორისო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში.




