გურამ როგავა: ძალიან უნიჭოდ ცდილობს სიტუაციის შემსუბუქებას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც პერსონალურად და ვერც მისი “მთავრობა”

“კობახიძის სამარცხვინო კომენტარს გავეცანი “მოსკოვის მექანიზმის” მისიის დასკვნაზე.
ძალიან უნიჭოდ ცდილობს სიტუაციის შემსუბუქებას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც პერსონალურად და ვერც მისი “მთავრობა”.
ეუთოს ექსპერტებმა მეც გამომკითხეს და მათ დაწვრილებით გავაცანი კონკრეტული ფაქტები იმის შესახებაც, როგორ აფარებს ხელს ივანიშვილის რეჟიმი უკანონო ბრძანების შემსრულებელ “სამართალდამცველებს”.
“ოცნების” რუსულ სისტემაში ზუსტად იციან, ვინ არიან ნიღბების უკან და დასჯის ნაცვლად, მათ ფულადი პრემიები გადასცეს.
არცერთ ასეთ დანაშაულს არ გამოიძიებენ, რადგან ივანიშვილს ჰგონია, დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებით დაგვაშინებს.
არა, არ მეშინია, არ გავჩუმდები, არ გავჩერდები!
არ გავჩერდები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სასიკვდილოდ გვიმეტებენ პროფესიული ნიშნით და კრიტიკული პოზიციის გამო.
გამოძიების უფლებასაც გვართმევენ, რადგან შესაბამისი უწყებები მაკულატურის შეგროვებით არიან დაკავებულები და არა – რეალური მტკიცებულებების მოგროვებით.
ჩემი საქმის გამომძიებელს რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება ვთხოვე, რომ სრული სურათი მენახა, თუ რა ხდებოდა თავდასხმის არეალში.
მაინტერესებდა, რომელ დანაყოფს გამოეყო მოძალადე სპეცრაზმელი თავდასხმამდე და ასევე, სად გაიქცა ჩემზე თავდასხმის შემდეგ, მინდოდა გამერკვია მისი გადაადგილების ტრაექტორია, იქნებ რაღაც მომენტში ნიღაბი მოიხსნა კიდეც…
რა გაირკვა?
თურმე რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ ყველა სათვალთვალო კამერას ერთდროულად აღმოაჩნდა ტექნიკური ხარვეზი ზუსტად ჩემზე თავდასხმის მომენტში.
ვის სჯერა ამ “დამთხვევის” და “ტექნიკური ხარვეზის”?
მას შემდეგ, რაც -ს, სუსის, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის სათვალთვალო კამერებს ერთდროულად აღმოაჩნდა “ტექნიკური ხარვეზი”, ვითხოვე კერძო დაწესებულებების ჩანაწერების გაშიფვრა და სპეციალურად ისეთი რაკურსები შეარჩიეს, სადაც საერთოდ არაფერი ჩანს, მხოლოდ ერთ კადრში ვიპოვე ჩემი ფეხები (ვიდეოს ლინკს კომენტარში გაგიზიარებთ).
მოკლედ, ამ და სხვა საქმეების გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ იარსებებს, ვიდრე ივანიშვილს უკანონოდ აქვს მიტაცებული ხელისუფლება, და კობახიძე იტყუება, თითქოს მოძალადეების იდენტიფიცირება შეუძლებელია ნიღბის გამო… სისტემის წარმომადგენლებმა იციან ვინ დგას ნიღბის მიღმა! უფრო მეტიც, მჯერა, სწორედ სისტემის წარმომადგენლებმა გასცეს უკანონო ბრძანებები.
რა თქმა უნდა, ეროვნულ დონეზე გამოძიება უშედეგო იქნება, მაგრამ მე ვაგრძელებ ყველა საშუალების გამოყენებას ოლიგარქიული მმართველობისთვის ნიღბის ჩამოსახსნელად.
სისტემის მხილებისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმს მივმართავ. ეუთოსთან საფუძვლიანი კომუნიკაციის გარდა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ძალიან მჭირდი კონტაქტი მაქვს და სიახლეები კიდევ იქნება ✊” – წერს ჟურნალისტი გურამ როგავა და ეხმაურება კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა: “იყო ოთხი მძიმე გადაცდომა. სამწუხაროდ, ვერცერთ შემთხვევაში იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა. როგავა, ხაბეიშვილი, ერთი ახალგაზრდა და მეოთხე შემთხვევა იყო ლეონიძის შემთხვევა, სადაც პოლიციელებთან არ გვქონდა ჩვენ საქმე. ძალადობა განხორციელდა არაძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან… მაღალი სტანდარტია. თქვენი, ოპოზიციის, მხრიდან ძალადობდა 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან მხოლოდ 30 პირი მიეცა პასუხისგებაში”

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა