ირაკლი : ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა – საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა – მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი საქართველოს გარშემო, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა.

„კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ეს მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ამ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ბუნებრივია საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ვიზრუნოთ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამ თემასთან კავშირში მინდა გავიხსენო, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე. მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. მათი ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში. 4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან და ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა ჩვენი 558 მოქალაქე. ყველა რეისი იყო სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.