რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის კორექტირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციას ანტიეროვნული მიზნების მისაღწევად.“
„ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ ასაკრძალი პარტიების სია უნდა გაიზარდოს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ არანაირი სამართლებრივი და კონსტიტუციური საფუძველი ამ პროცესს არ აქვს. რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს. როდესაც მოესურვებათ, როგორც გადაწყვეტენ მაშინ იმოქმედებენ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს, საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს კონსტიტუციას. კანონმდებლობა, რომელიც მათ მიიღეს, გასაჩივრებული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელით, თუმცა ბუნებრივია, არც რაზეა არავითარი რეაგირება. ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა თუ როგორ იყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციას თავიანთი ანტიეროვნული მიზნების მისაღწევად“,- განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ „მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე“.




