აკაკი ბობოხიძე – თუ ქართველი ხალხი ხელისუფლების შეცვლას ვერ შეძლებს, მოუწევთ იმ პასუხისმგებლობის თანამონაწილე გახდნენ, რასაც ხელისუფლების მიმართ გაატარებენ – რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსს“, არჩევნებში ერთი ნომრით გამოსვლას არავინ აპირებს

თუკი ქართველი ხალხი ხელისუფლების შეცვლას ვერ შეძლებს, მაშინ ხალხსაც მოუწევს იმ პასუხისმგებლობის თანამონაწილე გახდეს, რასაც ხელისუფლების მიმართ გაატარებენ – საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მოქმედებაზე ხალხია პასუხისმგებელი, იმის მიუხედავად, ირჩევს თუ არა ამ ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მტრად და ბოროტებად დასავლეთი გამოაცხადა.

„შევადაროთ ერთმანეთს აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლება. აზერბაიჯანის ხელისუფლება მაინც და მაინც ევროპული სტანდარტებით დემოკრატიული ხელისუფლება არ არის, მაგრამ ის თავისი ბუნებით ანტიდასავლური არ არის. აზერბაიჯანი არის სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება გავლენის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ის თავის ყოფნას და ძალაუფლებას ანტიდასავლურობაზე არ აფუძნებს. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იდეოლოგიურად მთელ თავის არსებობას ანტიდასავლურობაზე აფუძნებს – მათ დასავლეთი მტრად გამოაცხადეს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ოპოზიციური პარტიების ალიანსის მიზნებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიების ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანებაზე საუბარი „სისულელეა“.

„არის კოორდინაციის უფრო მაღალი ხარისხი. ვაპირებთ, რომ დასავლელ პარტნიორებთან ვიმუშაოთ როგორც ერთმა სუბიექტმა და პარტნიორებთან საერთო „მესიჯებითა“ და გადაწყვეტილებებით ვილაპარაკოთ. თუ ადრე ყველა პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავ-თავიანთი ხაზით, დამოუკიდებლად კონტაქტობდა, დადგა დრო, რომ ცალ-ცალკე მუშაობის პარალელურად, პარტნიორებს ერთობლივი გადაწყვეტილებები დავანახოთ.

იმაზე საუბარი, რომ პარტიები არჩევნებზე 5 ნომრით გამოვლენ, ავტომატურად არის სისულელე. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დონე იქიდანაც ჩანს, რომ მზად არიან ყველაფერი გადაყლაპონ, რასაც მას ხელისუფლება გადაუგდებს. ირაკლი კობახიძეს იმის თაობაზე ჰკითხეს, რომ პარტიები მზად არიან არჩევნებში 5 ნომრით იყარონ კენჭი, რაც კობახიძემ არ უარყო. ამ დროს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს აღარც კი გაახსენდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 5, „ნაციონალური მოძრაობის“ ნომერი აღარ არის. აღარც აქვს მნიშვნელობა იმას, პროპაგანდისტულად რას იტყვის – სულელად ჩაგთვლის, იტყვის სისულელეს, რადგან მზად ხარ მისი ყველანაირი ნათქვამი მიიღო, რაც მის პროპაგანდაში ჯდება.

არავინ არჩევნებში ერთი საარჩევნო ნომრით გამოსვლას არ აპირებს – ვიღაცა გამოვა ერთი ნომრით, ვიღაც – ცალ-ცალკე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო