გიგა ფარულავა – როგორც ჩანს, „ოცნებამ“ ასაკრძალი პარტიების სიას, შეიძლება, სხვა პოლიტიკური აქტორებიც დაამატოს, არაფერია გამორიცხული – არც ის, რომ საერთოდ გამოიხმონ სარჩელი

„ოცნება“ საუბრობს პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, პარალელურად კი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს ხვდებიან ახალი „მესიჯით“, რომ დამატებით კიდევ უნდა აკრძალონ პარტიები – დაველოდოთ, რა იქნება, შეიძლება, უკან გამოიხმონ ეს სარჩელიც, არაფერი გაგვიკვირდება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიების მიმართ ბრძოლას უფრო მეტად აძლიერებს.

„რას გულისხმობს, მე მგონი, თავადაც თქვეს, რომ სხვა პარტიებიც დაემატება სასარჩელო მოთხოვნას. ჩვენ წეღან ვსაუბრობდით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტზე და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებაზე, როგორც ჩანს, „ოცნება”, ამ „მესიჯით“ ხვდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს და ასაკრძალი პარტიების სიას ხვალ შეიძლება სხვა პოლიტიკური აქტორებიც დაამატოს. არაფერია გამორიცხული. ესაა მათი დამოკიდებულება. ზოგადად, საუბრობენ პოლიტიკის ნორმალიზებაზე და მეორე მხრივ, ასევე უფრო მეტად აძლიერებს პარტიების მიმართ თავიანთ ბრძოლას”, – განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხვდა მისი პარტია ასაკრძალ პარტიათა სიაში, ფარულავა პასუხობს, რომ ეს თავად „ქართულ ოცნებას” უნდა ვკითხოთ.

„ჩვენ ბრძოლაში ვართ. დღესაც ბრძოლაში ვართ ნამდვილად და ამის ერთ-ერთი მაგალითია პოლიტიკური დევნა, რასაც განიცდის ჩვენი პოლიტიკური ლიდერი პირადად „ოცნებისგან” და ივანიშვილისგან. რაც შეეხება, რატომ არ ვართ ასაკრძალ პარტიათა სიაში – ეს თავად „ოცნებას” უნდა ჰკითხოთ. „ოცნების” სიტყვა ერთია, ქმედება მეორე. არ არის გამორიცხული ამ კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნას სხვა პარტიებიც დაემატოს, ან მათი მხრიდან ეს სასარჩელო მოთხოვნა იყოს გამოხმობილი, ვინაიდან დღეს თუ ვინმეს აწყობს პოლიტიკურ ველზე „ნაციონალური მოძრაობა“, ესაა „ოცნება“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ „მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე“.