“ანტიამერიკულ პარტიას, “ქართულ ოცნებას” სიკვდილამდე ეშინია, ამერიკელებმა შეიტყონ, რომ ისინი ირანის რეჟიმთან შეკრულები არიან. ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, რათა გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს ხაზს უსვამენ. ირანის დასამარცხებლად, დაამარცხეთ “ქართული ოცნება””, – წერს ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი.
უილსონი პოსტს ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტის, ჯონ უოლტერსის განცხადების პასუხად წერს – უოლტერსმა ინსტიტუტის კვლევის გამოქვეყნების შემდგომ სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით “სერიოზული შეშფოთება გამოხატა” და აღნიშნა, რომ ის საჯაროდ ხელმისაწვდომ, გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობა
7 მარტს სუს-მა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე დაიბარა.
სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.
3 მარტს “ჰადსონის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა კვლევა სათაურით “საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში”. კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.




