ესტონეთის ელჩი: მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ – ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? – რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!

საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი თბილისს ტოვებს. ის დიპლომატიურ მისიას სომხეთში ჩაუდგება სათავეში, საქართველოში არსებული ესტონეთის საელჩო კი ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ხელმძღვანელობით იმუშავებს. ელჩი არ მალავს, რომ მისი საქართველოდან სომხეთში გადასვლის გადაწყვეტილება საქართველოსა და ესტონეთს შორის დღეს არსებულ ურთიერთობას ასახავს. გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ელჩი პირადად მისი და ესტონეთის მიმართ უკანასკნელ პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს იმასთან დაკავშირებით, სად დგას დღეს საქართველო და რატომ ისმის გამუდმებით ბრალდებები ოფიციალური თბილისის მიმართ…

– ქალბატონო ელჩო, თქვენ საქართველოს ტოვებთ და სომხეთში გადადიხართ, ამიტომ ინტერვიუ სწორედ ესტონეთის მთავრობაში მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებაზე საუბრით დავიწყოთ. აქამდე ესტონეთის საელჩოს რეზიდენცია თბილისში იყო, საიდანაც ერევანსაც „ფარავდით“, ახლა კი იქნებით ერევანში და არა თბილისში. მეტი ფაქტობრივი სიცხადე რომ შევიტანოთ აღნიშნულ საკითხში, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული? ესტონურ მედიაში აღნიშნულის მიზეზად „ესტონეთისა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობების გაციება და სომხეთთან კონტაქტების გაძლიერება“ სახელდება. რამდენად არის ეს რეალური მიზეზი ან იქნებ რაიმე სხვა ახსნა გაქვთ?

ნამდვილად, საქართველოს მიმდინარე კვირას დავტოვებ, მაგრამ ნება მომეცით თავიდან დავიწყო – გასული წლის ბოლოს ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო 5 ახალი საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება, ერთ-ერთ მათგანის სომხეთში, ერევანში. რესურსების ოპტიმიზაციისთვის და ასევე, ბევრი სხვა მიზეზით გადაწყდა, რომ სწორედ მე წავიდოდი ერევანში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ამის უკან. ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან სულ უფრო მეტად გახშირებულია, ამიტომ გვჭირდება წარმომადგენელი ადგილზე და ნამდვილად პრაქტიკულია იქ საელჩოს გახსნა. თუმცა, თუ მეკითხებით, ჩემი წასვლის ფაქტი ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ასახავს. ამის დამალვა არ შემიძლია. ასე მუშაობს დიპლომატია. ასევე, ცხადად მინდა ვთქვა, რომ საქართველოში საელჩოს არ ხურავს. მხოლოდ მე მივდივარ, მაგრამ საელჩო დარჩება და ის გააგრძელებს მუშაობს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი აქ და საელჩოს მუშაობას ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული (Chargé d'affaires) გაუძღვება. ტალინში დიპლომატიურ სიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ საქართველოს ასევე აქვს საელჩო ტალინში, რომელსაც უძღვება დროებითი რწმუნებული. ასეთია მდგომარეობა. საქართველოში საელჩო დარჩება და ის გააგრძელებს მუშაობას.

– უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდით როგორც პირადად თქვენ, ისე თქვენი ქვეყანა – , თუმცა მოდით, ჯერ პერსონალურად თქვენზე ვისაუბროთ. საქართველოს მმართველი პარტიის გაბრაზება მოჰყვა თქვენ მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად გადაღებულ ფოტოს წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“. „ქართული ოცნება“, ერთი მხრივ, საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევაში, მეორე მხრივ კი, განათლების რეფორმის პოლიტიზებაში გადანაშაულებთ და ამბობს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა მეტწილად ესტონურ მოდელს ეყრდნობა. რას უპასუხებდით „ქართულ ოცნებას“ თქვენ მიმართ ბრალდებებზე და იმაზე, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის კრიტიკით, თქვენ აკრიტიკებთ ესტონეთის უმაღლესი განათლების სისტემას…

პირველ რიგში, ჩვენ არასდროს ვერევით ქვეყნის საშინაო საქმეებში. ეს არასდროს არ არის ჩვენი განზრახვა. რაც შეეხება უნივერსიტეტებსა და შეხვედრებს რექტორებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ეს არის ის, რასაც დიპლომატები აკეთებენ ყველგან. ეს, ასევე, არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს დიპლომატიური სამუშაოს ნორმალური ნაწილია. ქართველი დიპლომატები ტალინშიც იმავეს აკეთებენ. ჩვენ არასდროს ვქმნით წინაღობებს, ისინი თავისუფლები არიან შეხვდნენ აკადემიურ წრეებს. ამის გაკეთება ძალიან ნორმალურია. რაც შეეხება თავად ესტონურ მოდელს საქართველოს განათლების სისტემაში – ესტონეთმა, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანა განათლების სისტემის რეფორმაში, მაგრამ რომ ავხსნათ როგორ მუშაობს რეფორმის გამოცდილების გაზიარება ზოგადად, საქართველოს აქვს ესტონური გამოცდილებისადმი ინტერესი, ამა თუ იმ სექტორში, იქნება ეს გარემო, განათლება, სოფლის მეურნეობა. ჩვენ ვაზიარებთ ამ გამოცდილებას. ვყვებით ჩვენს ამბავს, ძლიერი და სუსტი მხარეებით და შემდეგ საქართველო წყვეტს ამ გამოცდილების რომელი ნაწილი არის მისთვის გამოსადეგი და რომელი არ არის გამოსადეგი. განზრახვა არასდროს არის, რომ ერთი ქვეყნის ერთი მოდელის პირდაპირი გადმოტანა მოხდეს. ეს ასე ვერ იმუშავებს. იმისთვის, რომ რაღაც მოდელი სასარგებლო იყოს, უნდა მოხდეს მისი ადაპტირება ადგილობრივ გარემოზე, ადგილობრივ კულტურასა და პოლიტიკაზე. გამოცდილების პირდაპირ გადმოღება არ ხდება. საქართველოს მხრიდან უდიდესი ინტერესი არსებობს ნამდვილად, ხშირად ეს ეხება საგანმანათლებლო სექტორს, ესტონურ გამოცდილებას, იქნება ეს დაწყებითი განათლება, პროფესიული განათლება თუ უმაღლესი განათლება. ასობით სტუდენტი სწავლობდა და სწავლობს ესტონეთში, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ საქართველოში, განათლების გარემო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ეს არ უკავშირდება უშუალოდ რეფორმის საკითხს – ჩვენც გამუდმებით გვაქვს რეფორმები საგანმანათლებლო სექტორში. ეს ზოგადად ძალიან სენსიტიურია, რადგან ყველას ეხება, ამიტომ ძალიან ნორმალურია ამის გაკეთება. ჩვენც შევამცირეთ უნივერსიტეტების რიცხვი, მაგრამ საქმე არ ეხება რაოდენობას ან თავად რეფორმას, საქმე ეხება სულისკვეთებას, ეხება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც განათლების რეფორმა ეფუძნება, ეს არის დემოკრატიული პრინციპები, მათ შორის ის, აქვთ თუ არა აკადემიურ ინსტიტუციებს ავტონომია, არსებობს თუ არა აკადემიური თავისუფლება, მიჰყვება თუ არა საქართველოს განათლების სისტემა „ბოლონიის პროცესს“ ან ევროპულ სტანდარტებს. ამ კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ მიმართულება საწინააღმდეგოა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, სამწუხაროდ!

“ინტერპრესნიუსი”