– მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ – დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე

მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ პარტიაში აპირებენ გაერთიანებას 5-იანის ქვეშ და ერთი სიით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

„იცით, რომ ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წარმოშობილი. ხდება შესაკრებთა გადათამაშება. ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის, არის ისიც, რომ მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე“,- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, შესაძლოა, მათ შორის დაემატოს [პარტიები], პრემიერი აღნიშნავს, „კი, შესაძლოა, დაემატოს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შესაძლოა საკონსტიტუციო სარჩელში შეივსოს სია“.

„შესაძლოა, ყველა შესაბამისი პარტია მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ვიმუშავებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

რეალურად, ორი პარტია, რაც იყო წარდგენილი სარჩელში, არსებითად, იმ ორ პარტიას იმეორებს ახალი ე.წ. ერთობა. „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ლევან ცუცქირიძემ მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში თავის დროზე, რაც ცნობილია. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში. ამის შემდეგ მისი საუბარი მოკლებულია დამაჯერებლობას“,- აღნიშნა პრემიერმა.