გიორგი შარაშიძე – ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეუთო, ვიზიტის შემდეგ, კრიტიკულ დასკვნას წარადგენს – ამ ვიზიტს „ოცნების“ ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ და ვერ ექნება

ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეუთო, ვიზიტის დასრულების შემდეგ, კრიტიკულ დასკვნას წარადგენს – ამ ვიზიტს „ოცნების“ ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ექნება და ვერ ექნება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, მისმა გუნდმა დელეგაციას საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საინტერესო შეხვედრა იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. ამავე დროს, ვისაუბრეთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის პარლამენტში მუშაობის შესახებ. ეს იყო კიდეც მათი ინტერესის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში „ოცნებამ” პარლამენტში დაამტკიცა. ეს ეხება მათ შორის, საარჩევნო გარემოს დამძიმებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეუთოსთვის, იმიტომ რომ ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას” გაეთვალისწინებინა ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, პირიქით, სრულიად საპირისპირო გააკეთა, კიდევ უფრო დაამძიმა და გააუარესა საარჩევნო გარემო. ამავე დროს, ვისაუბრეთ იმ ანტიდემოკრატიულ კანონებზე, რომელიც ახშობს ამ ქვეყანაში განსხვავებულ აზრს და ხელს უშლის პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად, პოლიტიკური პროცესის განვითარებას. მათი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოში ვითარება გამოსწორდეს, იმ თვალსაზრისით რომ პოლიტიკა დაბრუნდეს პოლიტიკაში.

ასევე მინდა გითხრათ, რომ როგორც მოვისმინე, პაპუაშვილს ჰქონია მცდელობა, რაღაც განსაკუთრებულ ლეგიტიმაციად თუ იზოლაციის გარღვევად შეეფასებინა ამ დელეგაციის ვიზიტი და მინდა გითხრათ, რომ ეუთო მუშაობს 57 წევრ სახელმწიფოსთან, მათ შორისაა, , ბელარუსი, თურქმენეთი, ყაზახეთი, და ა.შ. ანუ ისეთი ქვეყნები, სადაც კიდევ უარესი მდგომარეობაა დემოკრატიის კუთხით, მაგრამ ეუთო ამ ქვეყნებშიც მუშაობს და მათაც ელაპარაკება. ამიტომ ამ ვიზიტს “ოცნების” ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ექნება და ვერ ექნება,” – განაცხადა შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ