შალვა პაპუაშვილი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ის დასკვნა გაიმეორა, რაც ეუთო/ოდირის მისიას 2024 წელს არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა – მთავარი დასკვნა რაც მაშინ მისიის ხელმძღვანელმა გააჟღერა იყო ის, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება

საბედნიეროდ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გავლენისგან ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად დაცულია – მათ შორის ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, ამ რთულ პირობებში სიმართლეში გაერკვეს და ის თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, უკრიტიკოდ არ მიიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულებისას ჟურნალისტებთან განმარტა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და წევრებისგან შემდგარი დელეგაციის მიზანია დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, „რომელზეც ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში და მის გარეთ ცდილობს, რომ საქართველოს ჩირქი მოსცხოს“.

პაპუაშვილის ინფორმაციით, დელეგაცია დაინტერესდა მათი მოსაზრებებით, „მათ შორის იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი, როდესაც ოპოზიციამ დემოკრატიის უარყოფითა და მანდატების გაუქმების გზით სცადა, ქართული დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საუბარი გაიმართა საკანონმდებლო ცვლილებებზე და საკითხებზე, „რაც ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში, ორგანიზაციის სხვადასხვა წევრის მხრიდან დგას“.

მისივე თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აღმასრულებელ ხელისუფლებას შეხვდება და ყველა საკითხი იქნება განხილული, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის არის საინტერესო.

„საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ის დასკვნა გაიმეორა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა. გახსოვთ, მთავარი დასკვნა რაც მაშინ მისიის ხელმძღვანელმა გააჟღერა იყო ის, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა. სამწუხაროდ, იმ პირობის მიუხედავად, რომელიც მათ შორის ევროკავშირისგან მივიღეთ, რომ მათი სახელმძღვანელო მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა იქნებოდა, ჩვენ აქ მოგვატყუეს და დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელების ნაცვლად, ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ მცდელობა, რომ რადიკალური დღის წესრიგი წაქეზებულიყო. ვნახეთ კონკრეტული უცხოური პოლიტიკური ჯგუფები, ქვეყნები, რომელიც აქეზებდა საქართველოში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობას, დემოკრატიის უარყოფას და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას, როდესაც 4 ოქტომბერს ზოგიერთი უცხოური პოლიტიკური ჯგუფის და მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოწოდების მხარდაჭერა ვნახეთ.

ასე რომ, ჩვენ ვართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან აქტიური წევრები. მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და მისი ხელმძღვანელი აგრძელებს ხაზს, რომელიც უსაფრთხოების ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენ ამ მხრივ სრული მზადყოფნა გვაქვს.

ჩვენთვის რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ სიმართლეზე ვგავართ – ეს არის ჩვენი მთავარი და მყარი ფუნდამენტი, რომელიც ვერავინ ვერ მოარყია, რადგან როდესაც სიმართლეზე დგახარ, იქ შეიძლება ვინმემ მოკლევადიანი პრობლემები შეგიქმნას, მაგრამ შეუძლებელია, ვინმემ ხანგრძლივად სიმართლის დამალვა და ტყუილზე აწყობა შეძლოს, როგორც ამას დღევანდელი ბრიუსელი აკეთებს.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის გასატარებლად, რასაც PACE-ს შემთხვევაში ახერხებენ.

საბედნიეროდ, ეუთო საპარლამენტო ასამბლეა ჯერჯერობით ამ გავლენისგან მეტ-ნაკლებად დაცულია. მათ შორის ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში სიმართლეში გაერკვეს და ის თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა უკრიტიკოდ არ მიიღონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია), პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო), დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

“ვიზიტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალონ“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ