“ოცნება” თუ სტრასბურგში ჩავა, იქნება ლობინგის მსგავსი, რომ დოკუმენტში სასიკეთო ჩანაწერების შეთავაზება დაალობიონგონ – ამის შესახებ “ტვ პირველთან” “მწვანეთა პარტიიდან” ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველმა, თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” დელეგაცია სტრასბურგში ჩასვლის შემდთხვევაში, სავარაუდოდ შეხვდება ისეთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან “მარგინალური ძალები”.
მომავალ კვირას ევროპარლამენტი არის პლენარულ სხდომაზე სტრასბურგში და აშკარად, თუ “ოცნება” აპირებს, რომ ჩავიდეს იქ და დებატები ნახოს, ეს იქნება უფრო ლობინგის მსგავსი – ანუ, რომ ჩავიდნენ და დაალობინგონ საკუთარი მთავრობისთვის სასიკეთო ჩანაწერების შეთავაზება მოხდეს იმ დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს შესახებ დღეს ევროპარლამენტში მზადდება.
“ოცნების” დელეგაცია თუ ჩავიდა სტრასბურგში და ალბათ წავლენ კიდევაც, შეხვდებიან ისეთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან მარგინალური ძალები – ანუ, ის ძალები, რომლებიც არ მონაწილეობენ საერთო კონსესუსში. უბრალოდ არის მათი განწირული სუსლისკვეთება, რომ როგორღაც მოახერხონ და აი ამ, მათთვის კატასტროფული ევროკომისიის მოხსენების ფონზე არ დაიდოს ძალიან კატასტროფული, კიდევ უფრო უარესი მოხსენება ევროპარლამენტის მიერ. მაგრამ, ამას ისინი ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ ძირითადი კონსესუსი შექმნილია საქართველოს შესახებ”, – აცხადებს გუგულაშვილი.
“ქართული ოცნების” წევრები მომავალ კვირას, ევროპარლამენტში კოლეგებთან შეხვედრას გეგმავენ. არსებული ინფორმაციით, “ოცნება” ევროპარლამენტში ოფიციალურად არ მიუწვევიათ. ამასთან, როგორც ირკვევა, საქართველოზე მომუშავე დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებთან შეხვედრას არ გეგმავენ, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “ოცნების” წევრები მათ მხარდამჭერ ევროპელ დეპუტატებს კერძო შეხვედრების ფარგლებში ეწვევიან.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა გუშინ ოფიციალურად შეაჩერა.




