ბატონო ლევან, ძალიან ცდილობთ ჩვენს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებებას და მიკერებას, მაგრამ არ გამოგდით და არც გამოგივათ – ჩემი რჩევა იქნება, ნუ ხარჯავთ ამხელა ენერგიას, – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ იმიტომ სურს „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებება, რომ სწორედ მისი გუნდია ერთადერთი ძალა, რომელსაც მმართველი პარტიის დამარცხება შეუძლია.
შარაშიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, მისი პარტიის პროცენტებზე არ იდარდონ.
„ბატონო ლევან, ძალიან ცდილობთ ჩვენს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებებას და მიკერებას, მაგრამ არ გამოგდით და არც გამოგივათ. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ხარჯავთ ამხელა ენერგიას. თქვენ კი ძალიან გინდათ მიგვაწებოთ და მიგვაკეროთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც ამ წლების განმავლობაში ისწავლეთ ისაა, როგორ მოუგოთ მათ მართლაც ყველა არჩევნები. ამიტომაც გინდათ ჩვენი მიწებება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ იცით, მთავარი ოპონენტი, ვინც შეიძლება თქვენივე ამომრჩეველი, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებებისა და ძალადობის გამო გადმოიბიროს და დაარწმუნოს, რომ თქვენთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ეს გაღელვებთ თქვენ. ჩვენ ბევრ პროცენტს ავიღებთ და ბევრად მეტ ადამიანს მოვიმხრობთ და ამას ნახავთ. თქვენ ასე გააგრძელეთ ქვეყნის ღალატი და ვნახავთ, ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს. ნუ დარდობთ ჩვენს პროცენტებზე, ძალიან გთხოვთ!“ – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამინჯონ. მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2021 წლიდან მოყოლებული პარტნიორობს და 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია ჰქონდათ შექმნილი.




