ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ “იმედსა” და პოსტვ-ის მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა. მის კომენტარს “მედიაჩეკერი” ავრცელებს.
მძინარაშვილის თქმით, “ის, რომ ჩვენ ამ საჯარო განცხადებებს ვაკეთებთ, “ტელეიმედის” თუ “პოსტვ”-ის მხარდასაჭერად, ჩვენ ამით უპირველესად ვიცავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს”.
“ჩვენ ახლა სულყველა, ხელისუფლებაც, მთავრობაც და მხედრობაც, როგორც იტყვიან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა იმისთვის, რომ ეს არ, უხეშად ვიტყვი, გაუვიდეთ. იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება მხოლოდ აქლემის დაჩოქება, მე ვიცი, ფიგურალური გამოთქმაა ასეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება იმას, რომ საქართველოში არამხოლოდ თავისუფალი მედია არ არსებობდეს და სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება არ არსებობდეს, არამედ საერთოდ არ არსებობდეს არანაირი სიტყვის თავისუფლება და არანაირი გამოხატვის თავისუფლება, უბრალოდ თითის გატკაცუნებაზე, ისე მუშაობდეს ყველა, როგორც მათ უნდათ და როგორც მათ მოესურვილებათ და მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი პირველი დარტყმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო შარშანწინ, ნოემბრის დამლევს და დეკემბერში და მას შემდეგ ეს გრძელდება და დაუსრულებლად გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ამას ჩვენ ძალიან აქტიურ წინააღმდეგობას ვუწევდით ყველა პლატფორმაზე და მენეჯმენტი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ამ თვალსაზრისით და სამეურვეო საბჭო ყოველთვის იყო ამ ბრძოლაში მენეჯმენტთან ერთად წარმოდგენილი. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს დაცვა სჭირდებათ და ის, რომ ჩვენ ამ საჯარო განცხადებებს ვაკეთებთ, “ტელეიმედის” თუ პოსტვ-ის მხარდასაჭერად, ჩვენ ამით უპირველესად ვიცავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ სამომავლო საფრთხეებისგან, რომლის თავიდან აცილებას ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახერხებთ, თუკი დღეს ვერ შევძლებთ ჩვენი კოლეგების დაცვას”, — თქვა მან სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.




