ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეზე – ეს ქალბატონი უცნობი ექსპერტი იყო, რომელსაც „ოცნების“ ყველა მავნებლობა „გაპრავებული“ აქვს – რაც შეეხება პროცესის დახურვას, ყველა იცინოდა და მეც ვიცინოდი, შეუძლებელია არ გაგეცინოს იმაზე, რაც დარბაზში ხდება

მოსამართლემ განგვიმარტა, რომ სხდომის დახურვის მიზეზი იყო ის, რომ დარბაზში იყო ხმაური, იცინოდნენ – მეც ვიცინოდი და ყველა იცინოდა იმიტომ, რომ შეუძლებელია არ გაგეცინოს იმ პროცესზე, რაც დარბაზში ხდება , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძემ ასევე განმარტა, რატომ დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძე ადრე „ქართული ოცნების“ ექსპერტი იყო.

„თვითონ მოსამართლემ როგორც განგვიმარტა, სხდომის დახურვის მიზეზი იყო ის, რომ დარბაზში იყო ხმაური, იცინოდნენ და არასერიოზულად უყურებდნენ სასამართლო პროცესს. მეც ვიცინოდი და ყველა იცინოდა იმიტომ, რომ შეუძლებელია არ გაგეცინოს იმ პროცესზე, რაც დარბაზში ხდება.

რაც შეეხება აცილებას, აცილება იმიტომ დავაყენეთ, რომ დასტა მიჭირავს, ამ ქალბატონის კომენტარების გასული წლების განმავლობაში. ეს ქალბატონი უცნობი ექსპერტი იყო, რომელიც ყველაფერზე საკუთარ აზრს აფიქსირებდა და უკანასკნელი წლების განმავლობაში „ოცნებას“ რაც კი მავნებლობა გაუკეთებია, ყველაფერი აქვს „გაპრავებული”. იმ საქმეზე, რომელზეც გვარამიას მურუსიძის სასამართლომ მიუსაჯა 3 წელი, ეს ქალბატონი ითხოვდა, რომ 9-დან 12 წლამდე მიუსაჯეთო, ოღონდ ამას ითხოვდა ექსპერტის ჟანრში. მათ შორის უნდა ნახოთ, რას წერდა ივანიშვილმა, შეუძლებელია ასეთი მოსამართლე იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.