ექსპერტ, გია ხუხაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელისუფლების გაგზავნილია ერთ-ერთ ქვეყანაში მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების დასაზუსტებლად.
როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, დავითაშვილი შესაძლოა აზერბაიჯანში იმყოფებოდეს. ასევე, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ გაზის ტრანსპორტირების ოპერატორი კვლავ კომპანია BP-ია, რის გამოც არ გამორიცხავს, რომ იგი ბრიტანეთშიც იყოს ჩასული.
„არ მგონია, რომ დავითაშვილი სადმე გაქცეულიყო. დავითაშვილი შეიძლება კითხვებზე პასუხების გასაცემად ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა, რომ ამ კონტრაქტთან დაკავშირებით რაღაც დაზუსტებები მოხდეს. ხელისუფლებას თუ არ უნდოდა მისი გაშვება, არ გაუშვებდა. გუშინვე ჩამოართმევდა პასპორტს და დამთავრდებოდა. ხელისუფლების გაგზავნილია – შეიძლება აზერბაიჯანში იყოს წასული, ტრანსპორტირების ოპერატორი ჯერ კიდევ BP-ია და შეიძლება ბრიტანეთში იყოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს და მის გათავისუფლებას, ხუხაშვილის შეფასებით, ბაჩიაშვილს ჰქონდა იმედი, რომ საკითხი სხვაგვარად დარეგულირდებოდა, თუმცა საბოლოოდ, როცა სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო, კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა.
„ახალგაზრდა კაცია, როდემდე უნდა მჯდარიყო ციხეში?! ხვდებოდა, რომ ხელისუფალი არასდროს გამოუშვებდა. ახალ და ახალ საქმეებს „შეუკერავდა“. შესაბამისად, გარიგებაზე წავიდა. ბაჩიაშვილის დაპატიმრების მიზანი თავიდანვე ხომ არ ყოფილა ციხეში ჩასმა ან პოლიტიკური დევნა, მოტივი იყო ძალიან ბანალური – ფული, როგორც ჩანს. ფული „აახიეს“, რითაც მისი ციხეში ყოფნის საჭიროება გაქრა.
იმედი ჰქონდა, რომ საკითხი სხვანაირად დარეგულირდებოდა. იმედი გადაეწურა, სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო და გატყდა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილის გათავისუფლება საზეიმო მოვლენა არ არის და მას „ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხვის სევდიან ისტორიად“ აფასებს.
ხუხაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი გზავნილები შესაძლოა სხვა მაღალჩინოსნებსაც ეხებოდეს და ამავე კონტექსტში ახსენა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი.
ხუხაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც არ არის სამართალი და სასამართლო, ქვეყანა „მაფიოზური ომების არენად“ იქცა.
„ყველაფერი იქით მიდის, რომ სისხლიანი გარჩევები დაიწყება. მაფიოზური ომების არენად იქცა ქვეყანა. არ არსებობს, არც სასამართლო, არც სამართალი. სასამართლო ჩაცუცქული არჩევს საქმეებს. ბაჩიაშვილის საქმე არ არის ამის დადასტურება? ჯერ სამოქალაქო საქმე სისხლის სამართალში გადაიტანეს. შემდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს უცხო ქვეყანაში და ქეჩოთი ჩამოათრიეს. ციხეში სცემეს. „აკაჩავეს“, „აკაჩავეს“ და გატეხეს. ბაჩიაშვილის გათავისუფლებაც არ არის საზეიმო. ეს არის ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხვის სევდიანი ისტორია. ღარიბაშვილსაც ეუბნებიან, გადაიხადე, წადი სახლში. ლილუაშვილსაც იმავეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ამ ფონზე, ხუხაშვილის თქმით, საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობის ნიშნები, პარალელურად, მისი შეფასებით, დაპირისპირება მიმდინარეობს ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის – მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძე-ის ჯგუფებს შორის.
მისი განცხადებით, პროცესები უკიდურესად იძაბება და არსებობს საფრთხე, რომ დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს.
„საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობის ნიშნები, როგორც საგარეო პოლიტიკით, ასევე ქვეყნის შიგნითაც. ვიქეცით მაფიოზური ომების არეალად. ჯანგველაძის “ქეისი” რომ ავიღოთ, დღეს ვაკვირდებით ორი დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს: ჯანგველაძის და ფარცხალაძის დაჯგუფება. ანუ დაწყებულია მაფიოზური ომი. დენთის სუნი ტრიალებს. უმძიმესი პროცესი მიმდინარეობს. ისე იძაბება სიტუაცია, რომ შეიძლება სისხლიანი გარჩევები ვნახოთ. დღეს, რაც ვნახეთ საქალაქო სასამართლოსთან ეს არ არის სახუმარო. მძიმე შემთხვევაა. მაფიოზური ომების არენად იქცა საქართველო. ხელისუფლებაც კრიმინალიზებულია, რადგან ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ხუხაშვილმა.




