93%-ით მეტია შემოდინება თავდაცვის ძალებში, სწორი პოლიტიკა მიმდინარეობს | “ოცნება” თავდაცვის კოდექსს კიდევ ამკაცრებს

მმართველი გუნდი თავდაცვის კოდექსს კიდევ ამკაცრებს – ამ წუთებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები განიხილება, რომელიც სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხება.
კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტები, რომლებიც სასწავლებელში დისტანციურად სწავლობენ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებენ. ერთი თვის წინ დამტკიცებული ცვლილებით, სასულიერო პირებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას, ან აცხადებენ, რომ პაციფისტები არიან, ალტერნატიულ სამსახურზე კომისარიატისგან უარის მიღების შემთხვევაში შეეძლოთ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება. განხილვის დასრულებამდე მათ არ მოეთხოვებოდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. ახალი ცვლილებებით კი სასამართლო განხილვის პარალელურად მათ ჯარში ყოფნა მოუწევთ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კი ამტკიცებს, რომ ახალი კანონი რეპრესიული სულაც არ იქნება და აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
“არასწორად გავრცელებული ინფორმაცია აზიანებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ჩვენი ამოცანა არის კანონმდებლობა მაქსიმალურად იყოს დახვეწილი, რათა არავის არ მიეცეს შესაძლებლობა არაკეთილსინდისიერად თავი აირიდოს ჯარისგან. და მეორე მიმართულება მნიშვნელოვანი – ჩვენ ვქმნით მოტივაციებს, რათა მოხდეს თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის, ასევე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის. ეს ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ, რომ 93%-ით მეტი არის შემოდინება თავდაცვის ძალებში, ვიდრე გადინება. ეს მიუთითებს, რომ სწორი პოლიტიკა მიმდინარეობს სოციალური მიმართულებით,” – ამბობს გიორგაძე.