9 ნაბიჯის კვალდაკვალ: საქართველო ევროკავშირის პოლიტიკას უნდა დაუახლოვდეს – რას აკეთებს მთავრობა ამისთვის - ifact
“რუსული კანონის” მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორა, - წერს "გამომძიებელ ჟურნალუისტთა გაერთიანება".
2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი რომ მოგვცეს, ევროპელებმა იქვე მოაყოლეს 9 ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას გადასადგმელი აქვს და რომლის გარეშეც საქართველო კავშირის წევრი ვერ გახდება.
ამ 9 დათქმიდან ერთ-ერთი პირველი საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან თანხვედრაში მოყვანაა.
"ბოლო მონაცემებით, საქართველოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) 43%-ანი თანხვედრა აქვს. გაფართოების პოლიტიკის შესახებ დოკუმენტში ევროკომისია იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ამ მაჩვენებლის გასაზრდელად დამატებით ძალისხმევას გამოიჩენს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მხარეებს შორის არსებული დაბალი თავსებადობის მაჩვენებელი (43%) გამოწვევაა: “ამ დროისთვის, თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით, გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით. …გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ჰქონდეს იგივე პოზიცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორიც ევროკავშირს აქვს.”
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით მიიღო, რომ ეტაპობრივად შეასრულებდა 9 დათქმას, რაც მოიცავს: დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პოლარიზაციის შემცირებას, საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას და დეოლიგარქიზაციას.
ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერებას და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას.
ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციაზე მუშაობენ, რამდენიმე ძირითად მოვლენას გამოყოფენ, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას აშორებს ევროკავშირს და შესაბამისად, 9 ნაბიჯის შესრულებას აფერხებს:
· უკრაინის გულგრილი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მხრიდან;
· “რუსული კანონის” მიღება და დემოკრატიული პროცესის უკუსვლა;
· ჩინეთის გამოცხადება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად;
· ანტი-დასავლური გზავნილების გავრცელება და მასში მთავრობის მონაწილეობა.
· 2023 წლის ანგარიშში ევროკომისია წერდა, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ ევროკავშირის შემაკავებელ სანქციებს, მათ შორის საჰაერო სივრცის დახურვას.
ევროკავშირს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო თავს შეიკავებს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, გაზრდის ჰიბრიდულ და კიბერ მდგრადობას, და კვლავაც არ დაუშვებს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას რუსეთისა და ბელარუსის სასარგებლოდ" - ვკითხულობთ გამომძიებელ ჟურნალუისტთა გაერთიანების" პუბლიკაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.