ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

85 დეპუტატიდან როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც 10 წესიერი ადამიანი – გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავას, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირონ.
ამის შესახებ გოცირიძე Facebook-ზე წერს.
„უმრავლესობის წევრი 85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც 10 წესიერი ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს და ქვეყნისა და თავისი ოჯახის ინტერესებს დააყენებს ერთი რუსი ოლიგარქის პირად ინტერესებზე მაღლა და მომავალ სამშაბათს მხარს არ დაუჭერს აგენტების რუსულ კანონს? ამით თავსაც გადაირჩენს სამუდამო სირცხვილისაგან და მოღალატის დამღისაგან და ქვეყანასაც დაუტოვებს შანსს.
ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია, ნუ გგონიათ, რომ ის ერთი კაცი ყველაზე დიდია. ნუ გეშინიათ!
ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით ხმამაღლა: არა, რუსულ კანონს!
თუ როგორ უნდა მოიქცეთ სამშაბათს, ჰკითხეთ და უკეთ აგიხსნიან ამას თქვენი შვილები, მშობლები, ცოლები, ქმრები, ნათესავები, მეზობლები. გავრისკავ და ამ ჩამონათვალს მღვდლებსაც მივაწერ, იქაც არიან წესიერი ადამიანები.
ყური დაუგდეთ გულის ხმას. ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ“, – წერს რომან გოცირიძე.
საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე გეგმავს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ანუ ვეტოს. მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კენჭს უყრიან უკვე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.