8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში იწყებს წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას

რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც 4 ოქტომბრის თვითმმათველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს – 19 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიტიკური ძალების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის მიზანი „პოლიტიკური ბრძოლის თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაშლაა“. რუსთაველზე შეკრებულ აქციის მონაწილეებს ერთობლივი განცხადება პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო.
“ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებით“, – წერია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ და სჯერათ, რომ ამას მიაღწევენ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით.
რვა პოლიტიკური პარტია მიიჩნევს რომ გამარჯვების გზა საზოგადოების ერთობასა და რეჟიმთან ართანამშრომლობაზე, უწყვეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოებასა და „ რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურებაზე“ გადის.
ამისთვის, კი მათი განცხადებით, ცხრა თვეა იდგმება შესაბამისი ნაბიჯები: პარლამენტის არაღიარება, უარი მანდატებზე, უარი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე თუ საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობა.
„ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია. იმისათვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხისგან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებს და ენერგიას დაეფუძნოს“, – წერია ოპოზიციური ძალების ერთობლივ განცხადებაში.
19 ივლისს, თბილისში გაიმართა აქცია-მსვლელობა გზავნილით – „მხოლოდ თავისუფალი არჩევნები – უარი რუსულ სპეცოპერაციას”, რომლის მონაწილეები სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე მივიდნენ.
საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს პროევროპული აქციების მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა კოალიციისა „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კოორდინაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში გეგმავენ.
ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის გაუგებარია არჩევნებზე მსჯელობა საქართველოში დღეს არსებული ვითარებისა და, მათ შორის – პოლიტიკური ლიდერების მასობრივად დაპატიმრების ფონზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ