7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა

საქართველოს 7-ქალამ 2026 წლის რაგბი ევროპის ალაფა ორი მოგებით გახსნა. ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში მიმდინარე პირველი ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, გიორგი მაისურაძის შეგირდებმა მონტენეგრო 34:5, ხოლო მოლდოვა 22:7 დაამარცხეს.
ჩვენმა გოგონებმა ორივე გუნდი მეორე ტაიმში გატეხეს. პირველი მეტოქე მონტენეგრო იყო და მატჩის დებიუტშივე ანგარიში მანონი საღარაძემ ლელოთი გახსნა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა, თუმცა ტაიმის შუაში საპასუხო ლელო მივიღეთ. მე-5 წუთზე მანონი საღარაძე სივრცეში გაიჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელო გარდასახა – 14:5.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში ორი სინბინი მივიღეთ, რის გამოც 4 წუთი კაცნაკლული ვითამაშეთ, გოგონებმა შეძლეს დომინირება და კიდევ 4 ლელოს გატანა. უპირატესობა ნინო წიკლაურმა გაზარდა, მომდევნო ლელო ოფლოუდების შემდეგ სალომე მაკასარაშვილმა მიითვალა, ბოლოს კი თავი ანა დათიაშვილმა და მარიამ ბერანძემ გამოიჩინეს.
მოლდოვასთან მატჩის დებიუტიც ჩვენი სინბინით დაიწყო, თუმცა ანგარიშში საქართველო თეონა ჩიტაიშვილის ლელოთი გავხსენით. ტაიმის გაწითლებულ დროზე ისევ საქართველო უტევდა, მაგრამ დავჯარიმდით, მოლდოველებმა ბურთი სწრაფად გაითამაშეს და სანამ უკან დავიხევდით საპასუხო ლელო გაიტანეს და გარდასახეს – 5:7.
მეორე ტაიმი აქტიურად დავიწყეთ, რასაც ნინო მელუას დუბლი მოყვა, ბოლო წუთზე კი მეოთხე ლელო მანონი საღარაძემ მიითვალა, გარდასახა და 22:7 გავიმარჯვეთ.
დღეს საქართველო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი დროით 13:36 საათზე რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც თასის 1/4-ფინალის მეტოქის ვინაობაც გაირკვევა.
მაკარსკაში საქართველოს 7-ქალა ნაკრების გარდა კიდევ ერთი ქართველი გოგონა ირჯება – მარიამ გოგუაძე ხორვატიაში ამჯერად მსაჯის რანგში იმყოფება.
საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას პირველ ეტაპზე მაკარსკაში (ხორვატია)
ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა კაპანაძე, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, თეონა ჩიტაიშვილი, მანონი საღარაძე, ნინო მელუა, თამარ მანაგაძე, მარიამ ბერანძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე
Rugby.ge