63 ათასზე მეტ ოჯახს წყლის მიწოდება ერთი კვირის ვადაში აღუდგება - ამბობს თბილისის ვიცე-მერი
დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ თბილისში 63 ათასზე მეტ ოჯახს წყლის სრულყოფილად მიწოდება ერთ კვირაში აღუდგება. ეს ინფორმაცია მან ჟურნალისტებს მიაწოდა თბილისის წყალმომარაგების კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
„ეს 63 ათასი აბონენტი დაახლოებით მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს... მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება ამ სამუშაოებს, რომ არსებული მდგომარეობა სრულად აღდგეს“, - თქვა ბენდელიანმა.
16 ივნისს გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანდა თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური მილსადენი სოფელ წიწამურთან, რომლითაც დედაქალაქი წყლით მარაგდება. ამ მიზეზით წყლის მიწოდება შეუწყდა 110 000 ოჯახს. მათგან 63 351 აბონენტს დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალს შეზღუდული დროით მიაწვდიან.
როგორც წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს. არსებობს მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხეც.
დამატებით კომპანიაში განმარტავენ, რომ იმ აბონენტებს, რომლებსაც წყლის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ, ალტერნატიული გზით, დღე-ღამის განმავლობაში სამიდან შვიდ საათამდე დროის ინტერვალით მიაწვდიან წყალს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.