62-მდე გაიზარდა მოსკოვის ოლქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა - Baza
წინასწარი მონაცემებით, 62-მდე გაიზარდა კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა რაოდენობა. ამის თაობაზე ცნობას ტელეგრამის არხი Baza ავრცელებს, რომლის თანახმად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
ტელეგრამის არხების ცნობით, დაახლოებით საღამოს 18.00 საათზე თავდასხმა მოაწყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ხუთმა პირმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ნსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარებიც გამოიყენეს. იუწყებიან რამდენიმე აფეთქების შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა ძლიერი ხანძარი და „კროკუს სიტი ჰოლის" სახურავის დიდი ნაწილი ჩაინგრა.
თავდამსხმელების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმები, რომლებიც "კროკუს სიტი ჰოლის" შენობაში თავდამსხმელებს ეძებენ. რამდენიმე საინტერნეტო გამოცემა წერს, რომ 4-ი თავდასხმელი შენობის სახურავზე ასულ მაყურებელს შეერია და მიმალვა მოახერხა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "კროკუს სისტი ჰოლზე" მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას "სისხლიანი ტერაქტი" უწოდა.
უკრაინის ხელისუფლებაში მოსკოვის რეგიონში მომხდარი თავდასხმას "პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაცია" უწოდეს.
"ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი-რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა, „უკრინფოსთან“ კომენტარში.
მარტის დასაწყისში შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების დროს თავდასხმების ორგანიზებას.
აშშ-ის ადმინისტრაციამ მწუხარება გამოთქვა „კროკუსის სიტი ჰოლში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. "ჩვენ ყველამ ვიხილეთ მოსკოვიდან მოსული მესიჯები და ვიდეოები...ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მეტი ინფორმაცია. ჩვენი ფიქრები, ცხადია, ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულებთანაა“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მოსკოვის ოლქში მომხდარი თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.