დედაქალაქში „ავლაბრის“ მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე 41-ე „შაბათის მარში“ გაიმართა. მსვლელობის სლოგანი იყო „აფხაზეთი საქართველოა“ – ხვალ, 27 სექტემბერს 33 წელი გავა სოხუმის დაცემიდან.
„არ იქნება სამართალი?! – არ იქნება მშვიდობა!..“ – ისმოდა ქუჩებში. დემონსტრანტებმა შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს, 20:00 საათზე კი მსვლელობა დაიწყო.
უწყვეტი პროტესტი
ყოველკვირეული მსვლელობა, რომელიც ყოველ შაბათს იმართება 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროტესტის გაგრძელებაა, რომელმაც ფორმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვით თავისუფლების შემზღუდველი კანონების შემდეგ იცვალა.
უწყვეტი საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს – გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას – 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნიდა.
აქციების დაწყებიდან პირველ დღეებში დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლის დროს პოლიციამ იძალადა არაერთ ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზეც. ამ დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც.
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების მიერ მიღებული არაერთი კანონის მიუხედავად არ წყდება. ეს კანონები ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ „რეპრესიულად“ შეფასდა და მოქალაქეებს, მათ შორის ტროტუარებზე, პროტესტის გამოხატვას უზღუდავს.
აქციების მონაწილეები პროევროპული დემონსტრაციებისას, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით მოქალაქის გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.



