4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ 8 პირს – ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფებოდა.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაამტკიცა.

რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა.

აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.

აღნიშნულ ეპიზოდს 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 7-მა მათგანმა – ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა, ია დარახველიძემ, ზაქრო ალბუთაშვილმა, დავით ჟღენტმა, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე გიორგი გელაშვილი გააგრძელებს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს – ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს უფორმდება, მათგან 7 პირი სხდომათა დარბაზიდან დღეს გათავისუფლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს

ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს