4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს.
ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე რომ იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი – ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ისე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდვის პროცესს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ხარისხის კონტროლი რომ უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. ჩვენ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროცესს მონიტორინგს გავუწევთ, რომ ვენდორ კომპანიასთან და პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტაციის შექმნა და ამასთანავე გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესი“-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
საერთო ჯამში იბეჭდება 3 მილიონ 897 ათას 500 ბიულეტენი, აქედან 2 813 150 ბიულეტენი ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 1 084 350 (სამი სახის).
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ (103 200) და ქართულ-აზერბაიჯანულ (295 100) ენებზე.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. ბეჭდვის პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს