31 ევროპარლამენტარი ბორელს მოუწოდებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და დაფინანსების გადახედვისკენ
31 ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მიმართავს. ისინი საქართველოსთვის მოუწოდებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.
როგორც ევროპარლამენტის დეპუტატის პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქცევამ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების თვალსაზრისით, “ზღვარი გადალახა”.
ასეთმა მოქმედებამ მეტად გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.
“რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლის შესრულების ვალდებულებაც აიღო საქართველოს მთავრობამ, საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებისას და, რაც არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ”.
ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ დაიჭიროს “მტკიცე პოზიცია და მიიღოს შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას”.
“პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საქციელი ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის ვალდებულებებთან წინააღმდეგობაშია. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში ყოველგვარი შემდგომი პროგრესის გარეშე.
მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.
მესამე, უნდა შეფასდეს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს პროგრესი შემდგომი გადავადების გარეშე”, - წერენ ევროპარლამენტის დეპუტატები.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობდნენ ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფების მხარდასაჭერად გახდენენ ევროკავშირის წევრები.
„ვინარჩუნებთ მზადყოფნას, ამის საკეთებლად, თუმცა დემოკრატიული კრიტერიუმი ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირია და დაცული უნდა იყოს“, - ნათქვამია 31 დეპუტატის ერთობლივ წერილში.
ჯოზეფ ბორელისადმი წერილის ხელმომწერები არიან პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, სანდრა კლიენტე, მიხაელ გალერი და თიის როიტენი სხვები.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
რეზოლუცია, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. პირველ და მეორე კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას მხარი 83-83 დეპუტატმა დაუჭირა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტის მიღების პარალელურად, იძაბება საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან.
"აგენტების კანონის" წინაღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში, თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.