2025 წელს საქართველოში 6 452 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. გასული 5 წლის მსგავსად 2025 წელსაც ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა.
საქსტატის მონაცემების თანახმად 2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 37 867 ბავშვი იყო, ხოლო გარდაიცვალა 44 319 ადამიანი. გარდაცვალების მაჩვენებელი 0.8%-ით გაიზარდა 2024 წელთან შედარებით.
2024 წელს საქართველოში 4 488 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2023 წელს საქართველოში 2 542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2021 წელს საქართველოში 13 090 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2020 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლისა.
2025 წელს საქართველოში 19 856 ბიჭი და 18 011 გოგო დაიბადა. შობადობა 2024 წელთან შედარებით 4.1%-ით შემცირდა. ყველაზე მეტი 14 334 ბავშვი თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე ცოტა 191 კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რაოდენობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, პირველი შვილის წილი 35.9%-დან 36.6%-მდე გაიზარდა, მეორე შვილის წილი შემცირდა და 32.9% შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო ბავშვების შემთხვევაში თითქმის უცვლელი დარჩა და 29.1%-ია.
“2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2%-დან 21.9%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5%-დან 70.4%-მდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3%-დან 7.7%-მდე გაიზარდა” – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს პირველი ბავშვის დაბადებისას დედის საშუალო ასაკი 27.4 წლით განისაზღვრა.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებლებს, 2025 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა 12 743 ადამიანი, თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ცოტა 585 კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
რაც შეეხება ქორწინება-განქორწინების სტატისტიკას, 2025 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2.9%-ით მეტია, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 30.1 წელა, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელი.
უწყების მონაცემების თანახმად, 2025 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 13 173 იყო, რაც 2.6% ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.