2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2%-ით გაიზარდა
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 7.66 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით, ანუ 144 მილიონი კილოვატ საათით მეტია.
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად 2024 წელს გაიზარდა ადგილობრივი ჰიდრო გენერაციის მოცულობა. მთლიანობაში ქვეყანაში არსებულმა ჰესებმა 6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით მეტია. ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის მატება სავარაუდოდ ენერგეტიკისთვის უფრო ხელსაყრელ ნალექების მოცულობასთან იყო დაკავშირებული.
გამომუშავების ზრდის გათვალისწინებით, შემცირდა ელექტროენერგიის იმპორტი და მან 457 მლნ კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით, ანუ 143 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია.
ამის შედეგად, საქართველოს ადგილობრივი ჰიდრო გენერაციის წილმა მოხმარების 79% დააკმაყოფილა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ჰიდრო გენერაციის წილი ადგილობრივ მოხმარებაში 71%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ექსპორტს, მისი მოცულობა თითქმის უცვლელად შენარჩუნდა (ზრდა 1 მლნ კილოვატ საათი) და იანვარ-ივნისში 757 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, საიდანაც 634 მილიონი კილოვატ საათი თურქეთში, 90 მილიონი კილოვატ საათი სომხეთში, 32 მილიონი კილოვატ საათი კი აზერბაიჯანში ექსპორტირდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.