ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს, საქართველომ რეკორდული ღირებულების შოკოლადი იყიდა

საქართველოში შოკოლადის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება. 2023 წელს რეკორდული $88.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $11 მილიონით, ანუ 14%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს, როცა ქვეყანაში $77.8 მილიონის ღირებულების 21,300 ტონა შოკოლადი შემოვიდა. საინტერესოა, რომ იმპორტის ზრდის დინამიკა გასულ წლებშიც ფიქსირდება - 2017 წლის შემდეგ, მაგალითად, საქართველოში შოკოლადის იმპორტმა ღირებულებით 67%-ით იმატა, მაგრამ 10-წლიან ჭრილში, ზრდა 44%-ია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში შოკოლადის იმპორტის დინამიკა მზარდია, მაგრამ ტენდენცია - არაერთგვაროვანია. 2009-2013 წლებში, მაგალითად, შოკოლადის იმპორტის ღირებულება მდგრადად იზრდებოდა და 2013 წელს იმ დროს რეკორდულ $61.5 მილიონს გადააჭარბა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შოკოლადის იმპორტმა 17%-ით იკლო, მაგრამ 2018 წლიდან, პანდემიურ 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, კვლავაც ზრდის დინამიკა ფიქსირდება.
2023 წელს, საქართველოში შოკოლადი 50 ქვეყნიდან შემოვიდა, მაგრამ სულ მცირე $1-მილიონიანი იმპორტი ცამეტი ქვეყნიდან ფიქსირდება, ესენია: რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია, გერმანია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და შვეიცარია.
ამ რეიტინგში რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, სადაც შოკოლადის ნაწარმის არაერთი ქარხანა მდებარეობს - ამ სახელმწიფოდან, გასულ წელს, $29.2 მილიონის შოკოლადი შემოვიდა, რამაც ჯამური იმპორტის თითქმის 33% შეადგინა. მნიშვნელოვანი დოზით, შოკოლადი შემოდის უკრაინიდანაც, რომელზედაც ჯამური იმპორტის 13.4% მოდის.
ცნობისთვის გეტყვით, რომ იმპორტთან ერთად, საქართველოდან შოკოლადის ექსპორტიც ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია. 2023 წელს, საქართველოდან $8.2 მილიონის შოკოლადი გავიდა ექსპორტზე, რომლის 85% - რეექსპორტი იყო. ყველაზე დიდი ღირებულებით შოკოლადი სომხეთში, ირანში, აზერბაიჯანში და უზბეკეთში გადის.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.