2023 წელს დიდუბის რაიონში სხვადასხვა პროექტებზე 19,2 მლნ ლარი დაიხარჯა

დიდუბის რაიონის გამგეობის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
რაიონის გამგებელმა, ვლადიმერ ძნელაძემ საზოგადოებას მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, 2023 წელს რაიონში ასფალტის საფარი 59 მისამართზე დაიგო, საგზაო ინფრასტრუქტურა 46 309 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებით, სანიაღვრე ქსელი 12 მისამართზე გაკეთდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 სკვერს, მათ შორის, ახმეტელის ქუჩაზე ხუთი სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო მცირე სარემონტო სამუშაოები 25 მისამართზე შესრულდა. ტერიტორიების კეთილმოწყობის ფარგლებში, ასევე, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცეები 3 მისამართზე გაკეთდა, ხოლო 12 მისამართზე 128 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
დიდუბის გამგეობამ მიმდინარე წელს 15 სპორტულ მოედანს ჩაუტარა სრული რეაბილიტაცია, შშმ პირებისთვის კი 3 ლიფტი-პანდუსი დამონტაჟდა.
ამასთან, საგაზაფხულო და საშემოდგომო რგვების პერიოდში, მნიშვნელოვანი გამწვანების ღონისძიებები ჩატარდა. დაირგო 4 150 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.
რაც შეეხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, მიმდინარე წელს 110 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 57 ამორტიზებულ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიცვალა 34 კორპუსის დაზიანებული სახურავი, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 30 მისამართზე განხორციელდა, სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები, კარების შეცვლა და კიბეების აღდგენა 32 მისამართზე გაკეთდა. გარდა ამისა, თამარ მეფის გამზირის N20-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, გამგეობამ მოსახლეობას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება გაუწია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 896 400 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ასევე მოეწყო 11 კულტურული და სპორტული ღონისძიება.
მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 19 276 602 ლარი დაიხარჯა.
დიდუბის რაიონის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, პარლამენტის წევრი , დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი და რაიონების გამგებლები.

ასევე დაგაინტერესებთ