„2012-თან შედარებით…“ – ღარიბაშვილმა მთავრობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2023 წლის მთავრობის ანგარიშით წარსდგა.
გამოსვლის დიდი ნაწილი პრემიერმა დაუთმო შედარებებს. მან დღევანდელი მაჩვენებლები 2012 წლის სტატისტიკასთან შეადარა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების“ მმართველობის პერიოდთს.
ღარიბაშვილმა ჩამოთვალა არაერთი სფერო, სადაც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ზრდა დაფიქსირდა. გამოსვლაში პრემიერმა ისაუბრა დევნილთა ბიუჯეტის „გაათმაგებაზე“, ელექტროსადგურების მშენებლობაზე, მასწავლებლის ხელფასის 2,7-ჯერ ზრდაზე, დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდაზე, სკოლების რეაბილიტაცია-აშენებაზე, ინტერნეტისა და გაზის მქონე აბონენტების რაოდენობაზე და ასევე, ღვინის ექსპორტისა და წარმოების ზრდაზე.
მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კერძოდ, პრემიერის მტკიცებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში „სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა“ და „ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს“.
მანვე განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი „თითქმის გასამმაგდა“ ბოლო 11 წელიწადში. მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ ამავე პერიოდში ასევე გასამმაგდა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი.
თუმცა, როგორც ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე წერს, მშპ-ის დონის ზრდის ნომინალურად შედარება არაა მართებული.
„მოიტყუა პრემიერმა ბოლო 11 წელში ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდაო. გაიზარდა, ოღონდ 1.6-ჯერ. დაახლოებით 2-ჯერ მეტი რიცხვი თქვა, ვიდრე რეალურად არის. [..] 2023 წლის ნომინალური ეკონომიკა შეადარა 2012 წლის ეკონომიკას და არ გაითვალისწინა ის, რომ ნომინალურ ეკონომიკას ინფლაციაც ზრდის. ანუ უარყოფითი მოვლენა (ინფლაცია) დადებითში ჩაითვალა. 1993 წელს საქართველოს ეკონომიკა თუ იყო 1 მილიარდი კუპონი და ჰიპერინფლაციის გამო ერთ წელში 1 ტრილიონი გახდა, ღარიბაშვილის “ლოგიკით“ გამოდის, რომ ეკონომიკა 1000-ჯერ გაზრდილა “, – ხსნის იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – გომელაური აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ქვეყნის შს მინისტრი

კახა კალაძე – ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა – დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით