20 წ. | ვინ მოდის საქართველოში – შოტლანდია

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ – უკვე კაცთა რაგბში!
2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.
მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!
შოტლანდია
შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეთოთხმეტედ თამაშობს. ის ბ ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, იტალიასთან და იაპონიასთან მოხვდა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს შოტლანდია ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 13:00 საათზე იტალიას; 2 ივლისს 18:00 საათზე ახალ ზელანდიას; ხოლო 7 ივლისს 15:30 საათზე იაპონიას ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.
შოტლანდია მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში პირველივე ტურნირიდან, 2008 წლიდან ჩაერთო და 2019 წლამდე, მიჯრით 12 ჩემპიონატზე ითამაშა. 2019 წელს ფიჯისთან (მე-11 ადგილისთვის) 34:59 მარცხის შემდეგ, ის ალაფაზე დაქვეითდა და ორი ჩემპიონატი (2023 და 2024 წლების) გამოტოვა (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა).
2024 წელს, შოტლანდიამ სამშობლოში გამართული ალაფა მოიგო (ფინალში 48:10 დაამარცხა) და უძლიერესთა შორის დაბრუნდა. 2025 წლის ჩემპიონატზე მან მე-10 ადგილი (მე-9 ადგილისთვის საქართველომ 22:7 დაამარცხა) დაიკავა.
შოტლანდიის 20-წლამდელებს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 2017 წელს ჰქონდათ, როდესაც ხუთიდან ოთხი თამაში მოიგეს და მე-5 ადგილი დაიკავეს (მე-5 ადგილისთვის ავსტრალია 24:17 დაამარცხეს).
შოტლანდია 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, 2008 წლიდან 20-წლამდელთა ექვს ერშიც თამაშობს და სადებიუტო შეხვედრა 1 თებერვალს საფრანგეთთან გამართა (6:12). მათ ექვს ერში ყველაზე დიდი სხვაობით 2020 წელს უელსთან გაიმარჯვეს (52:17) და ამავე ტურნირში ყველაზე დიდი სხვაობით ირლანდიასთან დამარცხდნენ – 2023 წლის 10 მარტს 7:82.
რაც შეეხება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, აქ შოტლანდიამ სარეკორდო გამარჯვება 2013 წელს მოიპოვა, როდესაც -ს მე-9 ადგილის ნახევარფინალში 39:3 სძლია, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობით 2010 წელს დამარცხდა – ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკასთან 0:73. ჯამში ტურნირზე ჩატარებული 65 მატჩიდან, შოტლანდიამ მოიგო 22, 43-ში კი მარცხი განიცადა.
დადასტურებულია, რომ შოტლანდიაში რაგბის მსგავსი თამაშები ადრეც არსებობდა, უშუალოდ რაგბის პირველი შეხვედრა კი 1858 წელს ფიქსირდება. 1871 წელს, ისტორიაში პირველი საერთაშორისო სარაგბო შეხვედრა სწორედ შოტლანდიელების ინიციატივით ჩატარდა და ედინბურგში მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს.
ზოგადად, შოტლანდიას რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის: ქვეყნის რაგბის კავშირი 1873 წელს დაარსდა, 1886 წელს კი, ირლანდიელებთან და უელსელებთან ერთად (ამ სამ ქვეყანას ინგლისი 1890 წელს შეუერთდა), შოტლანდიელებმა დააარსეს რაგბის საერთაშორისო საბჭო (მსოფლიო რაგბის წინამორბედი); შოტლანდიელმა – ნედ ჰეიგმა მოიგონა რაგბი 7, რომლის პირველი შეჯიბრი მელროუზში 1883 წელს ჩატარდა.
შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომლის თიკუნი ნარშავებია, ისტორიაში სარეკორდო გამარჯვება 2004 წელს, იაპონიასთან მოიპოვა – 100:8, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 1997 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა – 10:68.
“ნარშავებს” ექვსი ერის წინამორბედი ტურნირები ჯამში 22-ჯერ აქვთ მოპოვებული (14 ერთპიროვნულად, 8 გაზიარებით). საგულისხმოა, რომ ტურნირში იტალიის ჩართვის შემდეგ (2000 წლიდან), რის შემდეგაც ის ექვს ერად გარდაიქმნა, შოტლანდიას ჩემპიონობა არასდროს უზეიმია. 1987 წლიდან დღემდე, შოტლანდია მონაწილეობდა ყველა მსოფლიო თასზე. მას საუკეთესო შედეგი 1991 წელს ჰქონდა, როდესაც ნახევარფინალში გავიდა და საბოლოოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.
შოტლანდიაში, რომლის მოსახლეობა 5,5 მილიონს აღწევს, დაახლოებით 250 სარაგბო კლუბი და 45-ათასი მოთამაშეა რეგისტრირებული. შოტლანდიის რაგბის კავშირს ყავს ორი პროფესიული ფრენჩაიზი – ‘ედინბურგი' და ‘გლაზგო ვორიორსი', რომლებიც გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატსა და რაგბი ევროპის პროფესიულ საკლუბო ტურნირებში – ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე თამაშობენ.
“ნარშავები” მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო ადგილს (მე-5) 2018 და 2023 წლებში იკავებდა. მოცემულ მომენტში ის 82.90 ქულით მე-7 ადგილზეა.
შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში ისეთი მორაგბეები დაწინაურებულან, როგორებიც არიან სტიუარტ ჰოგი, ფინ რასელი, რორი დარჯი, დარსი გრეჰემი, ბლეირ კინგჰორნი, ზანფერ ფაგერსონი, მეთ ფაგერსონი, ჯორჯ ჰორნი და სხვა.
Rugby.ge