20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება 21 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს
თბილისის გარეუბანში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია. მას გამოძიება ედავება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. ამის გამო დაკავებულს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის კაცმა თანატოლი ქალი 28 თებერვალს მოკლა სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ წინუბანში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის დასავლეთ საქართველოში წავიდა - კაცი პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა.
"ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სახლიდან გვიან ღამით გავიდა, ოჯახმა კი მისი ძებნა 28 თებერვალს დილით დაიწყო, როცა აღმოაჩინეს, რომ ის სახლში არ იყო. ცხედარი ოჯახის წევრმა იპოვა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. პროკურატურას დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.