20 დეკემბერს, ბარათაშვილის ქუჩიდან პარლამენტამდე მსვლელობა „ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს“ გაიმართება

20 დეკემბერს, ბარათაშვილის ქუჩიდან პარლამენტამდე მსვლელობა „ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს“ გაიმართება.
როგორც ინიციატორებისა და მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის სამართლებრივ, კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნების გარეშე, ვერ გვექნება ვერც პიროვნული და ვერც პროფესიული განვითარება.
მათივე ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზეა დაგეგმილი.
„მსვლელობას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი ან ლიდერი. ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს სექტორს და გააჩნია საკუთარი, ინდივიდუალური პროტესტი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, არის მისი სრულუფლებიანი მონაწილე.
თუ მოღვაწეობ ენერგეტიკულ სექტორში ან ახლა ეუფლები ამ პროფესიას და შენთვის მიუღებელია: უთანასწორობა და კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა; ცხოვრების და განვითარებისთვის სამართლიანი გარემოს არ არსებობა; სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა გამოდი! კოლეგებთან ერთად დააფიქსირე შენი პროტესტი მსვლელობაზე. პროტესტის გარდა, მსვლელობაში მონაწილეობით მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ ქვეყნის სამართლებრივ, კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნების გარეშე, ვერ გვექნება ვერც პიროვნული და ვერც პროფესიული განვითარება, რადგან ორივე მათგანს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი გარემო. მივიჩნევთ, რომ ენერგეტიკული სექტორისთვის მდგრადობის შენარჩუნება მხოლოდ დასავლურ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით არის შესაძლებელი.
დარგის კონსერვატიულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, გვესმის, რომ ბევრს გაუჭირდება პროტესტის ღიად დაფიქსირება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს სახელმწიფოს თუ მისგან ფორმალურად დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებების მხრიდან გავლენის სადამსჯელოდ გამოყენების ალბათობა. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ერთი ადამიანის ღია, გაბედული პროტესტიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, არ დარჩა სფერო, რომელსაც არ გამოუხატავს საერთო, ორგანიზებული პროტესტი. ამასთან, სექტორისგან, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასოცირდება სინათლესა და ენერგიასთან, პოზიციის არ დაფიქსირება გაუმართლებლად მიგვაჩნია.
ყველაფერთან ერთად, მსვლელობა არის შესაძლებლობა, ერთის მხრივ, საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ სექტორი ვერ იქნება ნეიტრალური. იგი უნდა იყოს ან ევროპულ ან რუსულ ნორმატიულ-ტექნიკურ რეგლამენტებთან ინტეგრირებული. საკითხი მარტივად დგას ელექტროენერგეტიკულ სექტორში, რადგან არჩევანია გასაკეთებელი ГОСТ-სა და IEC-ს შორის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებს დავანახოთ, რომ მადლიერნი ვართ მხარდაჭერის, რასაც ისინი გვიწევენ ბოლო 30 წელია და რომელი მხარდაჭერის გარეშეც ქვეყანა დარჩებოდა 90-იანი წლების სიბნელეში. საპროტესტო მსვლელობით ვაფიქსირებთ, რომ ევროპა ჩვენი გააზრებული არჩევანია. დასავლური სამყარო არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები და ცივილიზაცია, სადაც ყველაზე უკეთ არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. კი ევროპას ! კი ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის ელექტროენერგეტიკაში!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა