მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი თქმით, “ორი თვის წინ იდო, ნახა დიპლომი” რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა. მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ამის შესახებ TV პირველის ეთერში ილაპარაკა.
“სანამ ეს მოვლენები ასე განვითარდებოდა და სამწუხაროდ, ღვთივგანისვენებდა ჩვენი დიდი პატრიარქი, ორი თვის წინ მიტროპოლიტმა იობმა [ნახა] თავის რეზიდენციაში, სადაც იყო ეს დოკუმენტები, საქაღალდეები, მათ შორის იდო დიპლომი… ეს არის დიპლომი მცხეთის სემინარიისა, რომელიც მან დაამთავრა 1988 წელს და ე.ი. როდესაც იქნა მოთხოვნილი, რომ საბუთები წარმოედგინა სინოდის სხდომაზე, ახლა კანდიდატების გამორჩევის დღეს, გაურკვეველ ვითარებაში, ფაქტიურად, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი. წარმოიდგინეთ.
არ ვიცი, ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტიურად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის, დიდი ალბათობით, ალბათ ეს არის მოპარული” – ამბობს მეუფე გიორგი.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის თქმით, მათ სინოდის 28 აპრილის სხდომაზე, სადაც 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს, წარადგინეს სემინარიის მაშინდელი რექტორის, მიტროპოლიტი ზოსიმეს გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ 1988 წელს მღვდელმონაზონ იობ აქიაშვილზე გაცემული იქნა დიპლომი. მეუფე გიორგიმ TV პირველის ეთერში აჩვენა სასულიერო სემინარიის სტუდენტის მაშინდელი ბილეთიც, რომელსაც ასევე რექტორი, ეპისკოპისი ზოსიმე აწერს ხელს.
“მივმართეთ მცხეთის სემინარიის სამართალდამემკვიდრეს, დღევანდელ სემინარიას, რომლის რექტორიც ბრძანდება ღრმად პატივცემული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ხვალ იკრიბება კომისია და ეს მტკიცებულებები მათ მაგიდაზეა. ასევე, არქივებშიც იქნა სხვა დამამოწმებელი საბუთები და არ უნდა იყოს პრობლემა დიპლომის გაცემის, რადგან ასევე არსებობს პატრიარქის ბრძანება N134, რომელიც გულისხმობს, რომ 2005 წლამდე ვინც მიიღო განათლება, კვალიფიკაცია და ვერ ახერხებს, დაადასტუროს დიპლომით, ან დაკარგულია, ან გაურკვეველ ვითარებაშია, ასეთ პირებს დაევალათ, კომისიამ იმსჯელოს და მოხდეს ამის აღიარება” – თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა. მისივე ინფორმაციით, მეუფე აბრაამიც ადასტურებს, რომ მიტროპოლიტი იობი მისი კურსელი იყო.
“სინოდს წარედგინა მღვდელმთავარი ზოსიმეს დასტური, რომ მან გასცა დიპლომი, ასე რომ ეს კანდიდატურის დაყენების დროს სინოდმა უკვე ცნო და ეს იყო დამაკმაყოფილებელი. ასე რომ გაფართოებულ კრებაზე წესით ეს უკვე არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, ჩვენ მაინც თავს ვიზღვევთ და პრევენციულ განცხადებას ვაკეთებთ, რომ ხელოვნური ბარიერი არ შეიქმნას.
არ გამოვრიცხავ, რომ შეგნებულად იყოს მოპარული, ან გამქრალი, არ გამოვრიცხავ, თორემ ცილისწამება უდიდესი ცოდვაა… დიპლომი საეპისკოპოსო რეზიდენციაში იდო და აღარ დევს, აღარ იძებნება” – ამბობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტები იობი და გრიგოლი – სამი საპატრიარქო კანდიდატი გამორჩეულია