საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას დადგენილ ნორმაზე 19-ით მეტი ავტომანქანა აქვვს და ამავე დროს, ავტომანქანები განკუთვნილია ისეთ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც ეს კანონმდებლობით არ ეკუთვნით.
ამის შესახებ დღეს, 27 აპრილს, განაცხადა პარლამენტში, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.
აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავს.
ავტოპარკში არსებული ავტომანქანების სიჭარბის გარდა, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ არასამუშაო დროს, სათანადო დასაბუთების გარეშე გახარჯა 30 300 ლიტრი საწვავი.
„კორპორაციაში არ იყო დადგენილი ავტომობილებზე საწვავის ლიმიტების განსაზღვრის ერთიანი წესი. შესაბამისად, არ ხდებოდა საწვავის ხარჯების გაანალიზება და ლიმიტის საჭიროების მიხედვით კორექტირება, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.
კორპორაციაში საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფდა საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შესაბამისად, არასამუშაო დროს, შვებულების ან მივლინების პერიოდში, სათანადო დასაბუთების გარეშე, ჩასხმულია 30 300 ლიტრი საწვავი“, – განაცხადა გიორგი კეკელიშვილმა.
ამავე დროს, აუდიტის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში არ წარმოებდა წერილობითი ანგარიშების შედგენა უცხოეთში მივლინებაში ყოფნისას გაწეული საქმიანობის და მიღებული სარგებლის შესახებ.
„ასევე სათანადოდ არ არის დასაბუთებული 21 000 ლარის ზენორმატიული და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილესთან დაკავშირებული 24 348 ლარის ხარჯის გაწევის აუცილებლობა“, – განაცხადა გიორგი კეკელიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორპორაციის მიმართ 11 რეკომენდაცია გაიცა, საიდანაც 9 რეკომენდაცია უკვე შესრულდა, ხოლო ორს მიმდინარე სტატუსი აქვს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2006 წელს დაარსდა და მისი 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. 2011 წლიდან კორპორაციამ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და შპს-ს ნაცვლად სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.
კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო ამ ეტაპზე შედგება შემდეგი წევრებისგან: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ვაჟა ხიდაშელი და მისი მოადგილე – გიორგი ჩაჩიბაია.
კორპორაციის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: გენერალური დირექტორი – ეკატერინე სისაური, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კომერციულ საკითხებში – დავით ციციშვილი და დირექტორი ტექნიკურ საკითხებში – შალვა კიკნაველიძე.




