14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან.

1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…