ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

113-მდე გაიზარდა უკრაინის ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი

113-მდე გაიზარდა უკრაინის ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი

113 ადამიანამდე გაიზარდა მართული ავიაბობმებით რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი. საავადმყოფოებში გადაყვანილია 59 დაჭრილი, მათგან ათი მძიმე მდგომარეობაშია - იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.
დაღუპულია 13 ადამიანი.
ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს ოთხშაბათს, 8 იანვარს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 4 საათზე. დარტყმა განხორციელდა ქუჩაზე, სადაც ქვეითების და ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საწარმო და ქალაქის სხვა ინფრასტრუქტურა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია იერიშის შედეგები, მათ შორის დაღუპული და დაჭრილი ადამიანები და ხანძარი, რომელიც ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა.
ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. "არაფერია იმაზე სასტიკი, როგორიცაა ავიაბობმები ქალაქზე, იმის გაცნობიერებით, რომ დაზიანდებიან ჩვეულებრივი, სამოქალაქო პირები" - წერს პრეზიდენტი.
ზაპოროჟიეში გლოვაა გამოცხადებული.
რუსეთის ხელისუფლებას განცხადება არ გაუვრცელებია დარტყმის შესახებ ცნობებზე.
ზაპოროჟიეს რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებს ფრონტის ხაზს და ის რეგულარულად ხდება რუსეთის დარტყმების სამიზნე. ერთ-ერთი დარტყმა ახალი წლის ღამესაც განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.