106 მილიონი ლარი მიწების გამოსასყიდად – რა თანხა დაიხარჯება ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობაში

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულებულია, „აღნიშნული საავტომობილო გზის
პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“ – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარია გათვლილი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიხარჯება 185 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის თანხა, ანუ სესხი იქნება – 435 მილიონი ლარი. დონორი ამ შემთხვევაში, როგორც ოფიციალურადაა გაცხადებული, აზიის განვითარების ბანკი იქნება.
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებების გამართვაზე „ოცნების“ მთავრობამ განკარგულება 2025 წლის 24 ივლისს მიიღო.
კონკრეტულად სესხის ოდენობა და პირობები ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული გზის პროექტის განხორციელების თაობაზე, რომლის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის სესხის წილი დადგინდება სასესხო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ“. – გვწერს დეპარტამენტი 2025 წლის 11 სეტემბრის წერილში.
„ოცნების“ მთავრობის მიერ კი 2025 წლის 27 აგვისტოს გამოცემულია განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ ხელი მოეწეროს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“.
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზას, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.
წყარო: Batumelebi
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.