10 ნოემბერს გზის გადაკეტვისთვის ბრალდებულებს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

დღეს, 11 დეკემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 11 ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად 10 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვისთვის. მათ შორის რვა ადამიანს დააკისრა მაქსიმალური, 500-ლარიანი ჯარიმა, ხოლო სამის შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არანაირი რეალური მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი იმისა, რომ გზა გადავკეტე. როდესაც გზის კონკრეტული მონაკვეთი გადაიკეტა, მე საერთოდ სხვა მონაკვეთში ვიმყოფებოდი, სადაც ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ბავშვს ვუხდიდით დაბადების დღეს. ჩვენ ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა წარვადგინეთ. მოწმეებიც მოვიყვანეთ, თუმცა მოსამართლემ მათი გამოკითხვის საშუალება არ მოგვცა. თქვა, რომ ახალს არაფერს მოგვცემდა.
გზის გადაკეტვა 7:30-ზე დაიწყო, ჩვენ იქ 9-ის წუთებზე მივედით. მოსამართლემ გვითხრა, უკვე გადაკეტილ გზაზე რომ მიხვედით, ხელმეორედ გადაკეტვას ნიშნავსო. უკვე გადაკეტილი გზა როგორ შეიძლება გადაკეტო ხელმეორედ, წარმოუდგენელია”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა ჭალიძე, რომელსაც მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ შემთხვევათა 100%-ში მოსამართლეები ბრალდებულებს სამართალდამრღვევებად ცნობენ. მოსამართლეებს არცერთ შემთხვევაში არ შეუწყვეტიათ სამართალწარმოება.
10 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო სასამართლომ ათობით ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად.
10 ნოემბერს თბილისში გაიმართა აქცია-მსვლელობა, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. მსვლელობა 19:20 საათზე დაიწყო თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
აქციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი „დაიტოვე“. ეს ჯგუფი ფეისბუკზე შეიქმნა გაზაფხულზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს იმ მიზნით, რათა თბილისში მიმდინარე აქციებზე რეგიონებიდან ჩამომსვლელთა დაბინავება უზრუნველეყოთ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათ საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს