ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

10 მილიარდერი, რომელთა ქონებაც 2025 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

10 მილიარდერი, რომელთა ქონებაც 2025 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

2025 წლის ოქტომბერში, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $500-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. გასული კვირის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონებამ $600-მილიარდიანი ნიშნული გადახალა, კვირის დასასრულს კი $700 მილიარდს გადააჭარბა. ბოლო ერთ კვირაში მასკის ქონების მკვეთრი ზრდა უმეტესაც მის დაარსებულ ავიაკოსმოსურ კომპანია SpaceX-ს და დელავერის სასამართლოს მიერ Tesla-ს აქციების გაუქმებული ოფციონების აღდგენას უკავშირდებოდა.
შედეგად, 2025 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, ამერიკული Forbes-ი ილონ მასკის ქონებას $754 მილიარდად აფასებს. და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა წელი $421 მილიარდის სიმდიდრით დაიწყო. მხოლოდ მიმდინარე წელს მასკის ქონება $333 მილიარდზე მეტით, შესაბამისად, დღეში საშუალოდ $935 მილიონით გაიზარდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერი სხვა მილიარდერის ქონება – მაგალითად, მეორე უმდიდრესი ადამიანი, ლარი პეიჯი, $255 მილიარდს ფლობს.
თუმცა მასკთან ერთად, უკანასკნელი 12 თვე მოგებიანი აღმოჩნდა სხვა მილიარდერებისთვისაც. Forbes-ის მონაცემებით, საერთო ჯამში პლანეტის 3,100-ზე მეტი მილიარდერი იანვრის დასაწყისიდან $3.6 ტრილიონით გამდიდრდა, რაც მათ კოლექტიურ სიმდიდრეს $18.7 ტრილიონამდე ზრდის.
მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოგების მქონე ათი ადამიანის სიმდიდრე $729 მილიარდზე მეტით გაიზარდა. მათგან უმრავლესობა, ექვსი პირი, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა. სიმდიდრის მატება კი ძირითადად ხელოვნურ ინტელექტში მკვეთრად გაზრდილ ინვესტიციებზე მოდიოდა, მათ შორის Oracle-ის დამფუძნებლის, ლარი ელისონის, Nvidia-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, Jენსენ ჰუანგისა და Google-ის ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის შემთხვევაში.
AI-ზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება SoftBank-ის დამფუძნებლის, მასაიოში სონის ქონების ზრდაც. კომპანიამ 2025 წელს ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში ინვესტიციები გააორმაგა, მათ შორის $6.5 მილიარდად ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი Ampere Computing Holdings-ი შეიძინა, ხოლო Nvidia-მ $5.8 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.
ათეულში მეექვსეა Inditex-ის დამფუძნებელი, ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგა, რომელმაც მიმდინარე წელს კომპანიაში 60%-იანი წილის წყალობით მხოლოდ დივიდენდის სახით $3 მილიარდი მიიღო. Inditex-მა პირველ სამ კვარტალში რეკორდული $5.4 მილიარდის წმინდა მოგებაც დააფიქსირა, რაც წლიურად 3.9%-იანი ზრდაა.
ათეულში ასევე მოხვდა მექსიკის სპილენძის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Grupo México-ს აღმასრულებელი დირექტორი, ხერმან ლარეა მოტა-ველასკო. ბოლო 12 თვეში, მაღალი მოთხოვნის გავლენით, ტარიფებთან დაკავშირებული შეშფოთებების გათვალისწინებით და სწორი დივერსიფიკაციით, კომპანიის აქციების ღირებულება 100%-ით გაიზარდა.
ათეულში კიდევ ერთი მექსიკელი, ლათინურ ამერიკაში მობილური კომუნიკაციების უმსხვილესი კომპანია América Móvil-ის დამფუძნებელი კარლოს სლიმ ელუა. კონგლომერატს მიმდინარე წელს 3 მილიონზე მეტი აბონენტი დაემატა, ხოლო შემოსავალი პირველ ცხრა თვეში 10.5%-ით გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.