1 ლიტრი ქართული ლუდის საშუალო ფასი 2.8 ლარამდე გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

ქართული ლუდის წარმოების მოცულობაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არსებითი ცვლილება არ ფიქსირდება - ამის შესახებ TBC Capital-ის ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების სექტორულ კვლევაშია საუბარი.
2024 წელს საქართველომ 127 მილიონი ლიტრი ლუდი აწარმოვა, წლიურმა ზრდამ კი 1% შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყანაში წარმოებული ლუდის ღირებულებას, TBC Capital-ის ინფორმაციით, საშუალო საცალო ფასების ზრდამ ლუდის ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
კერძოდ, საქართველოში ნაწარმოები ლუდის ღირებულება 2024 წელს 8%-ით, 334 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საშუალო საცალო ფასმა 1 ლიტრზე 2.8 ლარი შეადგინა, ლუდზე ინფლაციამ კი - 10%.
ამასთან, მიუხედავად საქართველოში წარმოებული ლუდის ღირებულების ზრდისა, ქვეყანაში ლუდის მოხმარების 87% სწორედ ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, 13% კი - იმპორტულზე.
TBC Capital-ის თანახმად, 15+ ასაკის მოსახლეობაში ლუდის მოხმარებაში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. კერძოდ:
ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - ლიტრი წელიწადში
· 2020 - 36
· 2022 - 42
· 2024 - 46
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.